“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მედიის შესაბამისი შეკითვის პასუხად გამოეხმაურა საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩის გარეტ უორდი ვიდეომიმართვას.
კობახიძის შეფასებით, ეს “არის დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადება”.
“როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანაი და ძალიან სამწუხარო. დიდი ბრიტანეთი არის სერიოზული პრობლემები მედიის პლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით “დიპ სტეიტის” გავლენის კუთხით მედიაზე, აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზურონს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რა თქმა უნდა, საქართველოში ძალადობის წახალისებას. მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან”.
განმუხურში ყოფნისას, მედიასთან საუბარში ირაკლი კობახიძეს, არ დაუკონკრეტებია დიდ ბრიტანეთში მედიაპლურალიზმთან დაკავშირებულ რა შესაძლო პრობლემებს გულისხმობდა.
14 ივლისს, საელჩოს მიერ გავრცელებულ მიმართვაში ელჩი გარეტ უორდი აცხადებს, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ჟურნალისტების დაკავებასა და კრიტიკოსების მიმართ მზარდ რეპრესიას მიიჩნევს, “როგორც საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლის მტკიცებულებას” და მოუწოდეს საქართველოს მთავრობას, “გაათავისუფლოს დაკავებული ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები და გამოსავლის მოსაძებნად ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში”.
11 ივლისს დიდი ბრიტანეთის საელჩომ საქართველოში 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
განცხადებაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და მკაცრად გმობენ ოპოზიციური პარტიების ლიდერების დაკავებას, რასაც უწოდებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დაპატიმრებებს, რაც, მათი განცხადებით, აშკარად ისახავს მიზნად პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე.
“ქართული ოცნების” პოლიტსაბჭომ 13 ივლისს უპასუხა 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივ განცხადებას საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით.
“ოცნებამ” მას უწოდა „მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე“ და „საბჭოური სტილის დეზინფორმაციით და ცრუ ბრალდებებით გაჯერებული“ ტექსტი.
მზია ამაღლობელი ბათუმში გამართულ საპროტესტო აქციაზე 11 იანვარს ჯერ ადმინისტრაციული წესით დააკავეს, შემდეგ კი გამოუშვეს და რამდენიმე საათში, – უკვე 12 იანვარს, – ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით, პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო, რაც იურისტების შეფასებით, საქმის გარემოებებთან შეუთავსებელია და მხოლოდ პოლიტიკურ მოტივზე მიანიშნებს. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
მისი ადვოკატი ამბობს, რომ ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, კერძოდ, მხედველობა, პატიმრობაში ყოფნისას კიდევ უფრო გაუარესდა. მაია მწარიაშვილის თანახმად, მზია ამაღლობელს კერატოკონუსი აქვს, თვალის რქოვანის დაავადება. 4 თებერვალს კლინიკა “ვივამედში” ჩატარებული ანალიზის დოკუმენტის, ე.წ. ფორმა 100-ის თანახმად, “მზია ამაღლობელს მარჯვენა თვალში მხედველობა აქვს 30%, მარცხენა თვალში კი მხედველობა აქვს 0,04%”.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი დაკავებიდან 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. შიმშილობის 24-ე დღეს იგი კლინიკაში გადაიყვანეს და ციხეში მხოლოდ შიმშილობის შეწყვეტის შემდეგ დააბრუნეს.
მერვე თვეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციებია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით.
პროტესტი გამოიწვია „ქართულ ოცნებაში“ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც, „2028 წლამდე“ არ დააყენებენ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
აქციებზე სისხლის სამართლის წესით 60-მდე ადამიანი დააკავეს, მათ ნაწილს უკვე მიესაჯა რამდენიმეწლიანი პატიმრობა. ნაწილის საქმეებზე განაჩენი უახლოეს ხანში გამოცხადდება.
ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიების ლიდერებიდან დაკავებული არიან “ძლიერი საქართველოს” ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები ნიკა გვარამია, ნიკა მელია და ზურაბ ჯაფარიძე, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე და ასევე გივი თარგამაძე და ირაკლი ოქრუაშვილი.
ისინი დააკავეს სადავო პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის [“წულუკიანის კომისია”] სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო.
უპირატესად “ქართული ოცნების” წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული საარჩევნო კოლეგიის მიერ არაპირდაპირი გზით არჩეულმა პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციური პარტიების დაპატიმრებულ ლიდერებს 4 ივლისს შესთავაზა, მიმართონ მას შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის პირობას დადებენ.
შეწყალებაზე ოპოზიციური პარტიები კატეგორიულ უარს ამბობენ, თუმცა არჩევნებში მონაწილეობაზე აზრი კვლავ იყოფა – 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზანს კვლავ ადასტურებენ “ლელოს” კოალიცია “ძლიერი საქართველო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის”.
„ქართული ოცნება“, რომელიც ბოლო წლებში „გლობალური ომის პარტიის“ (ამ კონცეფციას მოგვიანებით „დიპ სტეიტი“ უწოდეს) შესახებ ავითარებს შეთქმულების თეორიას და მასზე დაყრდნობით ოპერირებს. “ქართული ოცნება” საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო საზოგადოების ზოგ წარმომადგენელს „გლობალური ომის პარტიის“ (“დიპ სტეიტის”) აგენტებად მოიხსენიებს, – ისევე როგორც ევროპარლამენტსა და ყველა იმ პოლიტიკოსსა თუ სახელმწიფოს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მმართველობის მზარდ ავტოკრატიულ სტილსა და საგარეო პოლიტიკური ვექტორის ცვლილებას აკრიტიკებენ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები იმეორებენ, რომ ბრიუსელიდან საქართველოს ხელისუფლებას უპირისპირდება „დიპ სტეიტი“, რომელსაც ქვეყნის ომში ჩათრევა სურს. „დიპ სტეიტის“ არსებობა და განზრახვები ფაქტებით დადასტურებული არ არის. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში ირწმუნებიან, რომ ქვეყანას ევროინტეგრაციის გზიდან არ გადაუხვევია და საუბრობენ ევროკავშირის ლიდერების მიდგომებში “ორმაგ სტანდარტზე”, რითაც ხაზს უსვამენ კანდიდატი ქვეყნების მიმართ ევროკავშირის “უსამართლო დამოკიდებულებას”.
ფორუმი
