უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს, კიტ კელოგს შეხვდა, – ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„განვიხილეთ მშვიდობისკენ მიმავალი გზა და ის, თუ რა შეგვიძლია პრაქტიკულად ერთად გავაკეთოთ იმისთვის, რომ მას მივუახლოვდეთ. ეს მოიცავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, ერთობლივ წარმოებას და თავდაცვითი იარაღის შეძენას ევროპასთან თანამშრომლობით და რა თქმა უნდა, სანქციებს რუსეთისა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ“, – აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, უკრაინა მადლობელია და აფასებს შეერთებული შტატების მიერ გაწეულ დახმარებას.
„მადლობას ვუხდი კიტ კელოგს უკრაინაში ამ ვიზიტისთვის. მადლიერი ვარ პრეზიდენტ ტრამპის მხარდაჭერის შესახებ მნიშვნელოვანი სიგნალებისა და ჩვენი ქვეყნებისთვის დადებითი გადაწყვეტილებებისთვის. ღრმად ვაფასებთ ამერიკელი ხალხის მხარდაჭერას“, – წერს ზელენსკი.
შეგახსენებთ, კიტ კელოგი უკრაინას დღეს ეწვია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კელოგი უკრაინაში რამდენიმე დღით დარჩება.