ილუზიებში არიან „ლელო“ და გახარია, არანაირი მემორანდუმი მაგათ არ უშველით – ვერც ეს სცენარი იმუშავებს და საბოლოოდ, 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან მწარედ დამარცხდება ყველა რადიკალი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რითაც პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შორის, ადგილობრივი არჩევნების საკითხზე, თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, „ლელო“ და გახარიას პარტია ცდილობენ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ და თავი შუაშისტურ ძალად წარმოაჩინონ, თუმცა მათიკაშვილის განცხადებითვე, არც ეს სცენარი იმუშავებს.
„საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან რადიკალები და აგენტები, ახალი ნამდვილად არ არის. ილუზიებში არიან „ლელო“ და გახარია. დღეს მათ აქვთ ილუზორული წარმოდგენა, რომ მათი უდაბლესი რეიტინგის ფონზე შეძლებენ სადმე „ქართული ოცნების“ რაიმე ფორმით დამარცხებას, მცირე წინააღმდეგობის გაწევასაც კი და ასე ღიად განაცხადეს არჩევნებში მონაწილეობა. კი ბატონო! არჩევნები ძალიან მალე იქნება და კიდევ ერთხელ გაიზომება ყველა პარტიის რეიტინგი და კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ აგენტებს საქართველოში, მის პოლიტიკურ ზედაპირზე ნამდვილად არ ესაქმება. ეს, რა თქმა უნდა, იმ უმცირესი მხარდაჭერით იქნება გაზომილი, რასაც ისინი მიიღებენ. თუმცა ჩვენ ისიც გვახსოვს, რომ მხარდაჭერა, რაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს, აბსოლუტურად ნიველირებული იყო მათი მხრიდან. საკუთარ სამშობლოს ხომ ღალატობენ და იმ ხალხსაც ღალატობენ, ვინც იმ მომენტში მათ მხარი დაუჭირა.
რეალურად, ყველაფერს გააჩნია ერთი, ძალიან ცალსახა ახსნა. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ რეალურად, ძალიან უჭირს „დიფ სთეითს“ საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება. ქართველი ხალხის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა არის პრაქტიკულად, წარმოუდგენელი, ამიტომ სხვადასხვა ვარიანტებს მუდამ ამუშავებენ იმისთვის, რომ იქნებ სადმე ნაპრალი გაჩნდეს, ისარგებლოს ამით და მოახდინოს საკუთარი რევანშისტული იდეების სისრულეში მოყვანა. არის ასეთი სცენარი დახატული – არის ორთოდოქსი, „ნაცების“ კასტა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. არის მეორე ნაწილი, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და მემორანდუმი გააფორმეს – ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ საზოგადოებას თვალი აუხვიონ. ანუ, ამ ორ ძალას შორის მკვეთრი გამიჯვნის მცდელობა ხდება, რამეთუ არის სურვილი, რომ ცოდვებით და დანაშაულებით დამძიმებულ „ნაცმოძრაობას“ საზოგადოების წარმოდგენაში „ლელო“ და გახარია გაემიჯნონ და ისე იყოს აღქმული, თითქოს, რაღაც შუაშისტური ძალაა. არანაირი მემორანდუმი მაგათ არ უშველით. ვერც ეს სცენარი იმუშავებს და საბოლოოდ, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და 64-ვე მუნიციპალიტეტში ძალიან მწარედ დამარცხდება ყველა რადიკალი,“ – განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. პარტიებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს დღეს ხელი „გახარია საქართველოსთვის“ აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ მოაწერეს. როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, პარტიები “თვითმმართველობის არჩევნებში საერთო ბრძოლასა და საერთო პრინციპებზე თანხმდებიან”.
