30 (13.07) ივნისი – წმიდა კეთილმორწმუნე დინარა დედოფალის (X) ხსენების დღე

წმიდა დინარა დედოფალი. რუსულ საეკლესიო მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს, მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.
ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, შავიზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც მოსე კალანკატუელის თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.
მოსკოვის კრემლის სასახლეში ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.
„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

ასევე დაგაინტერესებთ

ომბუდსმენი – 2025 წლის მონაცემებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების ბაზაში“ ირიცხება 379 957 ბავშვი, რომელთაგან 23 322 პირველადად დარეგისტრირდა – 7 248 მოსწავლეს შეუჩერდა, 1 366 მოსწავლეს კი შეუწყდა მოსწავლის სტატუსი