შვედეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული

შვედეთის საგარეო უწყებაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს შეხვედრაზე, სადაც მას შვედეთის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე სერიოზული შეშფოთება გამოუხატეს.
ინფორმაციას შეხვედრის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი ავრცელებს X-ზე.

“ევროპის რამდენიმე საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად გამოვაქვეყნე განცხადება საქართველოში ვითარების დამძიმების შესახებ. ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება და დაკავება, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ თვითნებური დაკავებები და მზარდი რეპრესიები, საქართველოში ხელს უწყობს დემოკრატიის დემონტაჟს, რაც თავის მხრივ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ ნორმებთან და ღირებულებებთან.
პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც მაღალი რანგის წარმომადგენელმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა” – წერს სტენერგარდი.
ამ ინფორმაციის ფონია მომდევნო კვირაში, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის საქართველოს საკითხის შეტანაც – არსებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის ერთ-ერთი განსახილველი საკითხი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება შეიძლება იყოს.
ასევე, ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა 17 ევროპული ქვეყნის ერთობლივი განცხადება, სადაც “ქართული ოცნების” პოლიტიკური რეპრესიებსა და ავტორიტარულ კურსზეა საუბარი. აღნიშნული ქვეყნები “ოცნებას” პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და რეპრესიული კანონმდებლობების გაუქმებისკენ მოუწოდებენ. “ქართული ოცნების” წევრები ამ განცხადებას კვლავ თავდასხმად მიიჩნევენ და ანტიდასავლური განცხადებების გაკეთების საბაბად იყენებენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ შვედეთში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული არ არის პირველი, ვინც ევროპის ქვეყნებში შეშფოთების გადასაცემად დაიბარეს. იგივე გამოცდილება აქვს დიდ ბრიტანეთში საქართველოს რწმუნებულსაც, რომელიც ბრიტანეთის საგარეოში 1 ივლისს იყო დაბარებული.
ფორუმი