მეტროსადგური “ვარკეთილი” 45 დღით დაიკეტა

მეტროსადგური “ვარკეთილი” მომდევნო თვენახევრის განმავლობაში მგზავრებს ვერ მოემსახურება – ის სარეაბილიტაციო სამუშაებისთვის 12 ივლისიდან 45 დღით დაიკეტა.
მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანამ, სანამ მეტროსადგურში მოსაპირკეთებელი სამუშაოები დაიწყება, დაგეგმილია:
· ჭერის კოროზირებული/დაზიანებული ზედაპირების გაწმენდა და დამუშავება
· თაღის მიღმა არსებული სიცარიელეების შესაბამისი ტექნიკური ხსნარებით შევსება/დაჭირხვნა
· თაღის ტემპერატურული ღარების/ნაკერების ჰერმეტიზაცია მიწისქვეშა წყლების ჟონვის პრევენციისთვის.
· დახრილ საესკალატორო გვირაბში თუჯის სამაგრო დეტალების რეაბილიტაცია.
თბილისის მერიისვე ცნობით, მეტროსადგურის მოსაპირკეთებელი სამუშაოები 2025 წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.
მეტროსადგურის დროებით დახურვის გამო მგზავრების ნაკადების სამართავად დაინიშნა მუნიციპალური ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174. ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, პიკის საათებში 3-წუთიანი ინტერვალით და მგზავრებს მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით მოემსახურება.
მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წლის 21 დეკემბერს დაიწყო. კონტრაქტორმა შპს „ბადა ქონსთრაქშენმა“ საესკალატორო გვირაბის და მგზავრთა ჩასასხდომი ბაქნის თაღზე აზბესტ/ცემენტის ფილები ჩამოხსნა. გაირკვა, რომ არსებული მდგომარეობის გამო საჭირო იყო იმ პროექტის განახლება, რომელზე დაყრდნობითაც უნდა მომხდარიყო სადგურის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 13,4 მილიონი ლარია.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ კომპანიას 2024 წლის 2 დეკემბერს აცნობა, რომ დასკვნის მხოლოდ ნაწილის მომზადება შეეძლო, რადგან „[რამდენიმე] საკითხზე მსჯელობა ბიუროს ამ ეტაპზე არ შეუძლია შესაბამისი ხელსაწყო-მოწყობილობების არქონის გამო“. სწორედ ამის გამო შეარჩია თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ ბელარუსული შპს „პრობილდ ექსპერტი“ და მასთან 382 065 ლარის ღირებულების ხელშეკრულება დადო.
ფორუმი