ეს არის გიორგი გახარიას დევნა, გიორგი გახარია აბსოლუტურად უდანაშაულოა ამ საქმესთან დაკავშირებით, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბერდია სიჭინავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტთან საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას გამოეხმაურა.
ბერდია სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ გიორგი გახარიას ბრალი წარუდგინონ.
„დღეს ამნისტირებულ საქმეზე საგამოძიებო მოქმედებების წარმოება არის პოლიტიკური ინსტრუმენტი. „ქართულმა ოცნებამ“ ირიბად მიანიშნა, რომ პოლიტიკური მდგენელი აქვს ამ საქმეს. ეს არ იყო ცალკეული სამართლებრივი პროცესი და საგამოძიებო მოქმედებები, ეს იყო მთელი პიარული ხაზი, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა აგებული „ოცნების“ ხელისუფლებას, რომელიც პირდაპირი ფორმით აკავშირებდა გახარიას პასუხისმგებლობას ამ საქმესთან. ეს იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური მიზანშეწონილობით წარმოებული, ასეთი ტიპის საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობა საერთოდ არ იდგა. რუსთაველის გამზირი არ არის ტყის მასივი, რომ მოქალაქემ გაიხსნოს კონკრეტული გარემოებები.
მოლოდინი ნებისმიერი შეიძლება არსებობდეს, როდესაც ადამიანი, რომელიც არაფორმალურად მართავს ამ ქვეყანას, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე პოლიტიკური ვენდეტის, შურისძიების აქტს აანონსებს. მე ვერ წარმომიდგენია რასთან დაკავშირებით შეიძლება წარუდგინონ ბრალი, თუმცა ამ ადამიანების პოლიტიკურ გონებაში რა ავადმყოფური აზრები მოიხარშება, ამის პრევენციას ვერ მოვახდენთ“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ბერდია სიჭინავას თქმით, სიცრუეა გავრცლებული ინფორმაცია, რომ გიორგი გახარიამ რომელიმე ევროპულ ქვეყანაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.
„ტყუილია, არანაირი პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნაზე საუბარი არ არის. გიორგი გახარია აგრძელებს თავის ვიზიტს და უახლოეს დღეებში თქვენ დაინახავთ მის საგარეო ვიზიტებს, რომელიც ევროპულ მინისტერიალს დაემთხვევა. ისევ ევროპაშია და შეხვედრებს აგრძელებს. [სისხლის სამართლებრივი] დევნა არ დაწყებულა ადამიანის მიმართ და რაღაც ფორმით გაქცევაზე საუბარი არ არის სწორი. ეს არის მტკნარი სიცრუე, არანაირი თავშესაფრის მოთხოვნა. თუ მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება, შემდეგ ვნახოთ, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
