20 ივნისზე საგამოძიებო მოქმედებები აღსრულების საგანი არაა – სტრასბურგის ყოფილი მოსამართლე

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ნონა წოწორია ეხმაურება პროკურატურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, სტრასბურგის სასამართლოს დავალებით, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებენ.
ნონა წოწორიას განცხადებით, ვინაიდან 20 ივნისი საქმე დიდი პალატას გადაეცა, გამოძიება აღსრულების საგანს არ წარმოადგენს.
ნონა წოწორია ფიქრობს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ევროსასამართლოს პოლიტიკური მიზნებით გამოყენება სურს.
„ახლახან ინფორმაცია გავრცელდა, რომ 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ეფექტური გამოძიების ჩატარების უზრუნველსაყოფად რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება. საქმე იმაშია, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, Tsaava and Others v. Georgia, nos. 13186/20 and 4 others, რომლის „აღსასრულებლადაც“ ტარდება ეს ღონისძიებები, დიდ პალატაშია გასაჩივრებული და არ წარმოადგენს აღსრულების საგანს.
გათვლა იმაზე, რომ ამ საქმეში დიდი პალატაც ცნობს პროცედურულ დარღვევას ნამდვილად საფუძვლიანია, თუმცა ასეთ მონდომებას სულ სხვა მიზანი აქვს. არც პირველი შემთხვევაა, როცა რეჟიმი ევროსასამართლოს პოლიტიკური მიზნებით იყენებს“, – აცხადებს ნონა წოწორია.
2019 წლის 20 ივნისს საქართველოს ხელისუფლებამ ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია, სადაც საქართველოს პარლამენტში ს დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოსვლას აპროტესტებდნენ.
პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი. დაზიანებები მიიღო მედიის 30-ზე მეტმა წარმომადგენელმა. 2-მა მოქალაქემ დაკარგა თვალი.
სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრებზე (26 პირის საქმე) გადაწყვეტილება 2024 წლის 7 მაისს გამოაცხადა. სასამართლომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) უფლების პროცედურული დარღვევა დაადგინა და მომჩივანთა სასარგებლოდ სახელმწიფოს, ჯამში, 153 600 ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ არ ჩაატარა ეფექტიანი გამოძიება, რის გამოც მთავრობას გამოძიების ჩატარება დაავალა, ხოლო დანარჩენ მუხლებთან მიმართებით აღინიშნა, რომ დარღვევები სუბსიდიარობის პრინციპიდან გამომდინარე გამოძიების წარმართვის შემდგომ შეფასდება.
თუმცა სასამართლომ არ დაადგინა კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლებით გარანტირებულ უფლებათა მატერიალური ნაწილების დარღვევა. მომჩივანმა მხარემ 1 აგვისტოს სასამართლოს საქმის დიდი პალატისთვის გადაცემის თხოვნით მიმართა, რაც დაკმაყოფილდა.
2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დროს დაზარალებული მოქალაქეების საჩივრების განხილვა დიდი პალატის წინაშე გაგრძელდება.