2025 წელს, IT სექტორში მხოლოდ 18 ახალი კომპანია დარეგისტრირდა, რაც მიუთითებს, რომ წინა წლებში სექტორის ზრდა უმეტესად მიგრაციული ეფექტით იყო განპირობებული. ამის შესახებ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ მომზადებულ კვლევაში “ICT სექტორის გავლენა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე” წერია.
კვლევის თანახმად, ICT (ინფორმაცია და კომუნიკაცია) სექტორზე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაახლოებით მესამედი მოდის, ბოლო წლებში კი სექტორი ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ მთავარ კონტრიბუტორად იქცა. კერძოდ, 2025 წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში დაფიქსირებული 9.2%-იანი ზრდიდან თითქმის მესამედი სწორედ ამ სექტორზე მოდიოდა.
IDFI-ის თანახმად, ICT სექტორის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი მკვეთრ ზრდას 2020 წლის შემდგომ აჩვენებს. ეს ორი ფაქტორით აიხსნება – ერთის მხრივ Covid პანდემიის პერიოდში, ტექნოლოგიურმა გადაწყვეტებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი როლი შეიძინა, მეორეს მხრივ კი 2022 წლიდან (რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ) ქვეყანაში მიგრანტების დიდი ნაკადი შემოვიდა, რომელთა უმეტესობა სწორედ ICT სექტორშია დასაქმებული.
