ბრიტანულ-ქართული აკადემია ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებს ასახელებს

მასწავლებლების ძლიერი კონტიგენტი, გუნდური მუშაობა, თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალური ფოკუსი, საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა – IB, საუნივერსიტეტო მრჩეველის პროგრამა – ეს ის ძირითადი უპირატესოებებია, რასაც ბრიტანულ-ქართული აკადემია სთავაზობს მის არსებულ და პოტენციურ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს.
დღეისათვის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სამი საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამა (ბაღიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით), IB ანუ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა და ქართული პროგრამა (დამამთავრებელი კლასებისთვის).
სოფო ჟღენტი აკადემიური დირექტორის მოადგილეა, რომელიც სკოლის აკადემიურ პროცესს კურირებს. მისი თქმით, „სამივე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ინტერდისციპლინარული და პროექტული სწავლება. სხვა სკოლებისგან ბრიტანულ-ქართული აკადემია იმითაც გამოირჩევა, რომ გვაქვს მრავალფეროვანი საგნების არჩევანი. მაგალითად, მეცხრე-მეათე კლასებში მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ისეთი საგნები, როგორიცაა – ბიზნესი და ეკონომიკა, გლობალური პერსპექტივები, სოციოლოგია და სხვა. სადიპლომო პროგრამაზე კი მოსწავლეებს ვთავაზობთ ისეთ საგნებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათ კარიერულ მიზნებთან – მაგალითად, გლობალური პოლიტიკა, ბიზნესი და ეკონომიკა, ფსიქოლოგია და სხვა. მოსწავლეები ყოველწლიურად მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში. სკოლაში ყოველ წელს იგეგმება და ტარდება სხვადასხვა კონფერენციები, სპორტული შეჯიბრებები”.
ბრიტანულ-ქართული აკადემია ბავშვებს ბაღის ასაკიდან იღებს – აკადემიის სკოლამდელი განათლების ცენტრი და შემდეგ უკვე დაწყებითი საფეხური ერთ სივრცეში თანაარსებობს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის ჰარმონიული ტრანზიციის პროცესს.
მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ აკადემიაში მიღების ეტაპზეც მთავარ პრინციპს წარმოადგენს. თითოეულ დაინტერესებულ პირს აკადემია უკავშირდება და გეგმავს ინდივიდუალურ შეხვედრას მოსწავლეთა მიღების დირექტორთან.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მარტში აკადემიის 70%-იანი წილის მფლობელმა – „საქართველოს განათლების ჯგუფმა“, რომელიც თავის მხრივ, საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital, დირექტორი – ირაკლი გილაური) ჯგუფის წევრია, სკოლის დირექტორი შეცვალა. ინვესტორი კომპანია განვითარების გეგმებზე საუბრობს და აანონსებს, რომ სამომავლოდ ბრიტანულ-ქართული აკადემია არაერთ სიახლეს შესთავაზებს არსებულ და ახალ მოსწავლეებს.
#ბრიტანულ ქართული აკადემია
#ბრიტანულ ქართული აკადემია 2025
#ახალი სასწავლო წელი
#საქართველოს განათლების ჯგუფი
#ინვესტიციები
#გიორგი კეთილაძე
#ირაკლი გილაური
#საქართველოს კაპიტალი

ასევე დაგაინტერესებთ