აქტივისტ როსტო ზარანდიას 5-დღიანი პატიმრობა შეეფერდა ფეისბუკკომენტარისთვის

ზუგდიდის სასამართლომ მოსამართლე ირაკლი აფშილავამ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა აქტივისტ როსტო (როსტომ) ზარანდიას, მერიის თანამშრომლის სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის.
ზუგდიდში გაიმართა სასამართლო, რომელზეც ბრალდების მხარე აქტივისტ როსტო ზარანდიას ზუგდიდის მერიის პრესცენტრის თანამშრომელისთვის მაგდალინა თოდუასთვის შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
ზუგდიდში, 9 აპრილს აქციის დაშლის შემდეგ, აქციის მონაწილეები მერიის ვებ-საიტის ფეისბუკგვერდზე აღშფოთებულ პოსტებს წერდნენ. მათ შორის დაწერა როსტო ზარანდიამაც. მან მაგდალინა თოდუას, რომელიც საიტს მართავდა, „ტვინგე“ და „ფოჩო“ (მეგრულად: სულელი) უწოდა. თოდუამ პროკურატურას მიმართა.
სასამართლო სხდომაზე როსტო ზარანდიამ განაცხადა, რომ მისი ეს შეფასება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდა, მით უფრო, რომ მაგდალინა თოდუასთან თოთხმეტწლიანი ნაცნობობა აკავშირებს.
„სასამართლოზე ვითხოვეთ მეგრული ენის თარჯიმანი, რომელიც განმარტავდა კონტექსტს სიტყვებსა „ტვინგე“ და „ფოჩო“. მოსამართელმ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. თქვა, სასამართლომ იცის ეს სიტყვები რას ნიშნავსო. როსტოსთან მაგდალინა თოდუას წლების მეგობრობა აკავშირებს. როსტომ დააყენა შეუამდგომლობა, რომ მაგდა გამოეკითხათ, რათა მას დაედასტურებინა, რომ მეგობრობენ და ხშირად მიუმართავთ ერთმანეთისთვის ამგვარად. მაგრამ სასამართლომ არც ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა“, – ამბობს აქტივისტი მარიამ სიჭინავა, – „ეს პირველი შემთხვევაა ზუგდიდში, როდესაც ფეისბუკსტატუსის გამო ადამიანს ასამართლებენ და ხუთდღიან პატიმრობას უსჯიან“.
კანონი, რომლითაც აქტივისტებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს აჯარიმებენ, „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის თებერვალში მიიღო. ცვლილება შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და დაემატა 17316_ე მუხლი – სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირისა თუ საჯარო მოხელის“ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება ან/და მის მიმართ სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედება”, როდესაც ეს სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება. ისჯება 1 500 ლარიდან 4 000 ლარამდე ან ადმინისტრაციული პატიმრობით 45 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა გაიზრდება 2 500 ლარიდან 6 000 ლარამდე, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობა – 60 დღემდე.
ფეისბუკპოსტისთვის სასამართლომ უკვე რამდენიმე ათეული ადამიანი დააჯარიმა, მათ შორის პოლიტიკოსები, აქტივისტები და ჟურნალისტები.
ფორუმი