ლალი ტურძელაძე – თორნიკე რიჟვაძის თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო – მისი მდგომარეობა იძლეოდა ამის საშუალებას, სტაბილური იყო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის თურქეთის კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანა ოჯახის სურვილი მოხდა.
როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში საჰაერო გზით, ღამის 02:00 საათზე გადაიყვანეს.
„დიახ, გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა იძლეოდა ამის საშუალებას, სტაბილური იყო. საჰაერო გზით გადაიყვანეს. მისი თურქეთში გადაყვანა ოჯახის სურვილი იყო. ჯერ არ იყვნენ ჩამოყალიბებულები, შემდეგ ჩამოყალიბდნენ და ღამე 02:00 საათზე გადაიყვანეს“,- განაცხადა ტურძელაძემ.
ცნობისთვის, 7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანი დააკავეს, რომელსაც სასამართლომ 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდან გაათავისუფლა.