დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე მანქანით გადაიყვანა
დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე მანქანით გადაიყვანა. წამები წყვეტდა ამ სიტუაციას და ამიტომ არ დაიბნა და დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე, – განაცხადა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა ლალი აფციაურმა.
მისი თქმით, ალექსი ახვლედიანს, რომლის იარაღიდანაც მიიყენა თორნიკე რიჟვაძემ თვითდაზიანება, ბრალს დღეს წარუდგენენ.
„რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში. ყველა ვარიანტში გირაოს მოვითხოვ“, – აღნიშა ლალი აფციაურმა.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
