საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამსახურის უფროსის ჩვენების მიხედვით, „აქციებისას განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად“, 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ზარალმა 62 785 ლარი შეადგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის იურიდიული სამსახურის უფროსის, თამარ ჭანტურაიას ჩვენების მიხედვით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „საპროტესტო აქციებისას განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად“, 30 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, ზარალმა 62 785 ლარი შეადგინა.
აქციებზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესზე, პროკურორის კითხვაზე, კონკრეტულად თუ რა ქონება დაზიანდა ძალადობრივი მოქმედებების შედეგად, ჭანტურაიამ აღნიშნა, რომ დაზიანებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სამსახურის ბალანსზე არსებული ქონება, კერძოდ კი, მეხანძრე-მაშველების სამოსი, სამაშველო ტექნიკა.
მოწმის ჩვენებით, დაზიანებული სამოსის საფასური 8 894 ლარს შეადგენს, სატრანსპორტო საშუალებების საფასური შეადგენს 53 891 ლარს, საერთო ჯამში ზარალმა 62 785 ლარი შეადგინა.
როგორც ჭანტურაიამ განმარტა, დაზიანებული ნივთები ძირითადად, დამწვარია, ასევე აქვს მექანიკური დაზიანებები – სხვადასხვა საღებავი შესხმული და ა.შ.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს – გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.