დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება – წამები წყვეტდნენ ამ სიტუაციას, არ დაიბნა, დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე,- ამის შესახებ ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო პროცესზე, რომელზეც ალექსი ახვლედიანის აღკვეთის ღონისძიების თაობაზე იმსჯელებენ, გირაოს გამოყენებას მოითხოვს.
„რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება, სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში. დაზუსტებული დრო ამ ეტაპამდე არ არის ჩემთვის ცნობილი. სიახლე ჯერჯერობით არაფერია. საქმის მასალებს არ ვიცნობ.
დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა. სასწრაფოსაც კი არ დაელოდა, თავისივე საკუთარი მანქანით გადაიყვანა. წამები წყვეტდნენ ამ სიტუაციას, არ დაიბნა, დროულად და უშუალო ჩარევით შენარჩუნდა მისი სიცოცხლე”, – განაცხადა ლალი აფციაურმა.
ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.
