ლევან რატიანი – თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, უარყოფითი დინამიკის გარეშე

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
ექიმის განმარტებით, პაციენტს ყველა ტიპის კვლევა უტარდება.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, რჩება სტაბილურად მძიმე, უარყოფითი დინამიკის გარეშე. უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა კვლევა, ყველა დარგის ექიმის, სპეციალისტის კონსულტაცია და მისი მდგომარეობა შეესაბამება დაზიანების სიმძიმეს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
მედიის დამატებით კითხვას, თორნიკე რიჟვაძეს ფილტვის დაზიანების გარდა აღენიშნება თუ არა სხვა დაზიანებები, ექიმმა არ უპასუხა.
ცნობისთვის, გუშინ დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა ა/რ მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა. უწყების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მოგვიანებით რიჟვაძე საგარეჯოდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, ბრალდებულის სახით ალექსი ახვლედიანია დაკავებული.