იაგო კაჭკაჭიშვილი – ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი თბილისში აქვს, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს, თბილისი მოეგო

საქართველოში ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან ვერ თანამშრომლობენ. ოპოზიცია იმის მიუხედავად, რომ მკაფიოდ ჩანს ბრძოლის ველზე, ვერ ახერხებს შეთანხმებას და ეს ყველაზე კარგად გამოჩნდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურ პარტიებს შორის განხეთქილება და დაპირისპირება სწორედ ის არის, რაც „ქართული ოცნების“ წისქვილზე ასხამს წყალს.
„მათი განხეთქილება არის საუკეთესო პროექტი, რაც კი შეიძლება „ქართულ ოცნებას“ აწყობდეს. ცალკე აღებულ არცერთ ოპოზიციურ ძალას არ შეუძლია ისეთი მასშტაბით მობილიზება, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოს. ხელისუფლებას ყველაზე დაბალი რეიტინგი თბილისში აქვს, სადაც ამომრჩეველთა მხარდაჭერა მათ მიმართ დაახლოებით 25%-ს შეადგენს, რაც ოპოზიციას აძლევდა შანსს, თბილისი მოეგო“,- განაცხადა მან.
იაგო კაჭკაჭიშვილმა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიასა და „ლელო – ძლიერი საქართველოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ ურთულესი ამოცანა აქვთ.
„იმ ორ პარტიას, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, ურთულესი ამოცანა აქვთ, რომლის განხორციელებაც საკითხავია. მოსალოდნელია, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დიდი ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს არ გამოუცხადებს. საჭიროა სხვა ოპოზიციური პარტიების ამომრჩეველთა დარწმუნებაც, რომ არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა. ეს კიდევ უფრო ართულებს მათ ამოცანას. ამ პარტიებმა რისკი საკუთარ თავზე აიღეს და დრო გვაჩვენებს რამდენად პასუხობენ ამ რისკს“, – განაცხადა მან.
კაჭკაჭიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისთვის „ქართული ოცნების“ რეალური რეიტინგი 35%-ია, რაც ოქტომბერთან შედარებით გაუარესებული შედეგია.
„ის, ფაქტი, რომ დღეს „ქართული ოცნების“ რეიტინგი 35%-ია, გაუარესებული შედეგია იმასთან შედარებით, რაც მათ ოქტომბრის არჩევნებში აიღეს. თუმცა ოფიციალური მონაცემები არ არის ობიექტური და ისინი გაყალბებულია. სანდო ეგზიტპოლების მიხედვით მათი რეიტინგი დაახლოებით 42% იყო და ჩვენ ვხედავთ, რომ მათი რეიტინგი გაუარესებულია.“-განაცხადა მან.