“ქვეყანას როცა უფრო ენდობიან, უფრო მეტი ინვესტიცია მოდის” – სოსო ფხაკაძე

ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე დადებითი რეკომენდაციის მნიშვნელობაზე მედიასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე აფასებს. მან ამის შესახებ დღეს გამართულ ინვესტორთა საბჭოს შემდეგ ისაუბრა.
“ბიზნეს ასოციაციამ მივულოცეთ მთავრობას, პარლამენტსა და საქართველოს ის ისტორიული გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ევროკომისიამ გასულ კვირაში, რეკომენდაციასთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად გავაანალიზეთ ის ქვეყნები, რომლებმაც გაიარეს ის გზა, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს, ვიდრე ევროკავშირის წევრი გახდება. ბიზნესისთვის ეს ძალიან ბევრი სიკეთის მომტანი იქნება, რადგან ამ ქვეყნებში, ძირითადად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები მაქვს მხედველობაში, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბიზნესი, კომპანიების კაპიტალიზაცია და, საბოლოოდ, ეს არის ამოცანა, რის გამოც იქმნება ბიზნესი”, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.
მისი თქმით, ევროკავშირის წევრობა საერთაშორისო ინვესტორებისთვის საქართველოს უფრო უსაფრთხოსა და სანდოს ხდის, რაც ინვესტიციების მოზიდვისთვის უმნიშვნელოვანესია.
“პირველ რიგში, უფრო მეტი ურთიერთობა და ეფექტიანი პარტნიორობა ექნებათ ქართულ კომპანიებს ევროკავშირის ბაზართან. მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ინვესტორები ყოველთვის კითხულობენ ამის შესახებ, ეს არის რეგიონალური უსაფრთხოების საკითხები და, ამ განცხადების შემდეგ, საქართველო და ქართული ბიზნესი თანდათან უფრო უკეთ იგრძნობს საკუთარ თავზე, რომ უფრო მეტად უსაფრთხო ხდება.
ქვეყანას როცა უფრო ენდობიან, უფრო მეტი ინვესტიცია მოდის და, არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანას, არამედ ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ქვეყნებსაც სჭირდებათ ინვესტიციები, და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ჩვენთვის, რათა შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის ტემპები და ეკონომიკური განვითარების ის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს”, – აცხადებს სოსო ფხაკაძე.