მედიის, სამოქალაქო სექტორისა და დემონსტრანტების შემზღუდველი არაერთი კანონის მიღების მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველო დემოკრატიის ხარისხით ჯობნის ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობას. ამის შესახებ მან „იმედის“ ეთერში ისაუბრა – ჟურნალისტებს კი მისთვის არ შეუხსენებიათ, ჟურნალისტებსა და დემონსტრანტებზე ძალადობის გამოუძიებელი შემთხვევები.
„როდესაც ქვეყანას სურს, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საჭიროა, დაკმაყოფილებული იყოს გარკვეული პირობები. ეს პირობები რა არის? – ეს არის დემოკრატიული სისტემა და ჩვენ გვაქვს მტკიცე დემოკრატიული სისტემა, რომელიც არ ჩამოუვარდება ევროპულ სისტემებს.
უფრო მეტიც, თქვენ თუ გადახედავთ, როგორია განვითარების ტენდენციები ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დიდ ნაწილში, ძალიან თვალნათლივ ჩანს, რომ ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი, მედიაპლურალიზმის ხარისხი, მედიის თავისუფლების ხარისხი, სიტყვის თავისუფლების, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის და ყველა მიმართულებით გვაქვს უპირატესობაც კი ევროკავშირის არაერთ ქვეყანასათან, შეიძლება ითქვას უმრავლესობასთანაც კი. ანუ რაც შეეხება დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს, ჩვენ დღესვე მზად ვართ, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საჯაროდ გააცხადებული პოზიციის მიუხედავად, ერთ წელზე მეტია ხელისუფლებაში მყოფი პარტია „ქართული ოცნება“ იღებს კანონებს, რომელიც შეშფოთებას იწვევს საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებში. გასული წლის მაისში ხალხმრავალი პროტესტის მიუხედავად მიიღო „აგენტების კანონი“, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ 2028 წლამდე აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.
მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებამ ათიათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში. საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა კამერების წინ იძალადეს დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე – დამნაშავეები დასჯილები ამ დრომდე არ არიან. პროტესტის პარალელურად „ქართულმა ოცნებამ“ მნიშვნელოვნად შეზღუდა გამოხატვის თავისუფლება: აკრძალა სასამართლო სხდომებზე ვიდეოგადაღება, დასჯადი გახადა პოლიტიკოსების მიმართ „შეურაცხმყოფელი“ გამონათქვამები, გაზარდა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა და ჯარიმები.
ფორუმი
