მთლიანად სასამართლო სისტემა იმიტომ ჩაიკეტა, რომ საზოგადოებამ ვეღარ დაინახოს წარმოუდგენელი უსამართლობა, რასაც ახალგაზრდების მიმართ სჩადის სადამსჯელო, მონსტრად ქცეული რეჟიმი , – ამის შესახებ “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” გიორგი მინდაძესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომელსაც დღეს სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სამადაშვილის თქმით, სასამართლო პროცესების გაშუქება მედიას იმის გამო აეკრძალა, რომ აქციების პერიოდში დაკავებულების წინააღმდეგ ვერანაირი მტკიცებულება ვერ გამოვლინდა.
“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კანონი არის გაუქმებული და ვიღაცას სამაგალითოდ სჯის რეჟიმი იმისთვის, რომ დააშინოს საზოგადოება. თუ ვიღაცა უშვებს ერთი წამით მაინც, რომ ხომ არ ჩაიდინეს ამ ბიჭებმა მართლა რაიმე დანაშაული, ამ ადამიანებს მინდა ავუხსნა – თქვენ აგიკრძალეს საერთოდ, სრულფასოვნად ფლობდეთ ინფორმაციას, რა ხდება სასამართლო პროცესებზე. ისედაც აბსოლუტურად მართული სასამართლო სისტემა ახლა საერთოდ ჩაკეტილი გახდა საზოგადოებისთვის იმიტომ, რომ ამ პროცესების მსვლელობაში ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ამ ბიჭების წინააღმდეგ, ვისაც ასეთი კონვეინური წესით, წლობით ყრიან ციხეში, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. შესაძლოა, ვიღაც პოლიციელი დაზიანდა პიროტექნიკით, ოღონდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, რა კავშირშია ეს კონკრეტულად იმ ბიჭთან, რომელსაც დღეს ხუთი წელი მიუსაჯეს.
ამიტომ ჩაიკეტა მთლიანად სისტემა, რომ საზოგადოებამ ვეღარ დაინახოს ის წარმოუდგენელი უსამართლობა, რასაც ახალგაზრდების მიმართ სჩადის სადამსჯელო, მონსტრად ქცეული რეჟიმი”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
გარდა ამისა, სამადაშვილმა ეუთო-ს რეზოლუციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც კი ეუთოს დაუწერია.
ამასთან, მისი თქმით, მოკვლევაა ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გაყალბდა საპარლამენტო არჩევნები და რა როლი აქვს ამაში რუსეთთან თანამშრომლობას.
“ეს იყო ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც კი დაუწერია ეუთოს. ძალიან სეროზული მოკვლევა არის ჩატარებული, როგორ გაყალბდა არჩევნები და რა სისტემით იმიტომ, რომ ეუთოს დასკვნა, რომელიც არჩევნების შემდეგ საკმაოდ სწრაფად იწერება, უფრო მეტი დრო დასჭირდა საერთაშორისო საზოგადოებას, რომ სრულად გარკვეულიყო იმ გაყალბების სქემებში, რომელიც გამოყენებული იყო რუსული სპეცოპერაციის დროს, ამიტომ, შეფასებები არჩევნების შემდგომ კი არ მსუბუქდება, არამედ მძიმდება იმიტომ, რომ მეტი ინფორმაცია აქვთ დღეს საერთაშორისო ასპარეზზე, რა გააკეთა ივანიშვილმა, მათ შორის, უკვე ცნობილია, კონკრეტულად რუსეთთან თანამშრომლობა როგორ ხდებოდა ამ გაყალბების სქემების დალაგებაში და ამიტომ, შეფასებები მძიმდება.
იგივე დოკუმენტში საუბარია ასევე პოლიტპატიმრების თემაზე. თუ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წინა შეკრებაზე იყვნენ გარკვეული რაოდენობის პოლიტპატიმრები, ამას დაემატა დღეს ის, რომ ყველა პოლიტიკური ლიდერი ქვეყანაში, მათ შორის, ჩვენი პარტიის დამფუძნებლები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სხვები არიან პოლიტპატიმრები. ანუ დღეს საქართველოს ჰყავს პოლიტპატიმრები – აქტივისტები, მომიტინგეები, ჟურნალისტი, პოლიტიკოსები – რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ამძიმებს შედეგებს და, მათ შორის, ეუთოს განცხადებაში, რომელიც დღეს იქნა მიღებული, ცალსახად არის მოწოდება: პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ახალი საპარლამენტო არჩევნები და ზოგადად, დემოკრატიული პროცესის მიმართ ქვეყანაში ნდობის დაბრუნება, ანუ დაბრუნება დემოკრატიულ პროცესთან.
ასეთი მძიმე შეფასება ეფუძნება იმ ობიექტურ რეალობას, რომელიც შექმნა ამ რეჟიმმა ქვეყანაში“, – განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ „ცვლილებისთვის და რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლას შეუპოვრად აპირებენ“.
„ძალიან ბევრი ტალახის სროლა ვნახეთ, ძალიან უგემოვნებო, ძალიან დაბალი ხარისხის, რომელსაც ჩვენ პასუხი არ გავეცით. არც დღეს არ გავცემთ პასუხს იმ უგემოვნებო და პოლიტიკური სასოწარკვეთილებით გენერირებულ ტალახს.
როდესაც ალტერნატივა არ გაქვს, როდესაც არ იცი, რას აკეთებ, როდესაც არაფერი სამოქმედო გეგმა არ გაქვს და როდესაც ვერ შესწვდი ივანიშვილის რეჟიმს, ქვების სროლა ოპოზიციური კოლეგების მიმართულებით, თავისთავად მეტყველებს მათზე.
ხალხი თავად დაინახავს ყველაფერს ძალიან მალე, ვინ არის მებრძოლი, ვის აქვს გეგმა, ვის უნდა ბრძოლა რეჟიმთან და ვის უნდა, რომ ხალხი მოატყუოს, ვითომ რამე გეგმა აქვს, სინამდვილეში შეწყვიტოს ბრძოლა და ამით უფრო ნიჰილიზმში ჩააგდოს ხალხი.
ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ქართველი ხალხი მივატოვოთ მარტო რუსული რეჟიმის კლანჭებში. ჩვენ ვაპირებთ, რომ ქართველ ხალხს მივცეთ იმედი, გავუჩინოთ რწმენა ცვლილებების და ვაპირებთ, რომ ამისთვის ვიბრძოლოთ შეუპოვრად“, – განაცხადა სამადაშვილმა.
