ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ყოველთვის უკავშირდება კრიზისებს და თვითონაც აქვს ეს აღიარებული. დიდი კრიზისია ახლა მისთვის. ამ კრიზისისა და მოახლოებული კატასტროფის შიშმა აიძულა, რომ სამალავიდან გამოსულიყო, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა.
ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილის „დაბრუნება“ ემსახურება ოფიციალური მოსკოვის დამშვიდების მცდელობას, რომ საქართველოსა და რეგიონში მათი ინტერესების გატარებას საფრთხე არ დაემუქრება.
„პოლიტიკაში რა დაბრუნებულა, არც არასად წასულა, ყოველთვის იყო პოლიტიკაში, მაგრამ სამალავის რეჟიმში და ახლა ამ სამალავიდან იძულებული გახდა, რომ გამოსულიყო. ამ გამოსვლის ყველაზე მკაფიო მიზანი არის, რომ მოსკოვი დაამშვიდოს, რომ მოსკოვის ინტერესებს საქართველოში არ დაემუქრება საფრთხე, რომ ის აკონტროლებს ვითარებას, ეს არის მისი გამოსვლის მთავარი სათქმელი. ფაქტია, რომ მისი გუნდის 18-თვიანი და ძალიან ბინძური კამპანია, რომლის ამოცანა იყო, ჩაეგდო კანდიდატის სტატუსი და ისე ჩაეკლა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რომ ევროპას ეთქვა უარი ქართველ ხალხზე და ამას ქართველი ხალხის გულაცრუება გამოეწვია, ეს ოპერაცია მათ ჩაუვარდათ და ახლა მარტის მოვლენები, მას შემდეგ და იქამდე არის იმის დადასტურება, რომ საქართველოში ევროპული სულისკვეთების საზოგადოებამ დაამარცხა რუსული ხელისუფლება. ამიტომ ივანიშვილი გამოდის, რომ რუსეთს უთხრას, რომ არ ინერვიულოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხმა გაიმარჯვა ამ რაუნდში და მიუხედავად იმისა, რომ სტატუსი მივიღეთ, მე ვაკონტროლებ ვითარებას და თქვენს ინტერესებს აქ საფრთხე არ შეექმნება“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ნაცვლიშვილის განცხადებით, არ აქვს მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილი რას განაცხადებს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით, როდესაც ფაქტია, რომ ის რუსეთის ინტერესების მსახურია საქართველოში.
„ჩვენ ხშირად ვხედავთ, რომ ივანიშვილი ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს. ჯერ ერთი მრავლისმთქმელია, რომ მაშინ, როდესაც მთელი საზოგადოება ვზეიმობდით და აღვნიშნავდით კანდიდატის სტატუსის მიღებას, მან საჭიროდ არ ჩათვალა, რომ ამ მოვლენას გამოხმაურებოდა და საზოგადოებისთვის მიელოცა. მერე რა რომ ამბობდა, პოლიტიკაში არ ვარო, რაც დადასტურდა რომ ასევე ტყუილია. ამიტომ რას იტყვის დღეს ამას აღარ აქვს მნიშვნელობა. ფაქტია, რომ ის რუსეთის ინტერესების მსახურია საქართველოში და ყველანაირი ძალითა და ინსტრუმენტით მისი პოლიტიკური გუნდი ეწინააღმდეგებოდა ქართველ ხალხს ევროპულ გზაზე. მათ არ რცხვენიათ, მაგრამ ქართული კულტურისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის ასეთი მარტივი არ არის, რომ მამლის ყივილამდე და მამლის ყივილის შემდეგ, ეს ხალხი მუდმივად ტყუილებს ამბობს. გვახსოვს როგორ ამტკიცებდნენ, რომ არანაირი კომუნიკაცია, კონტაქტი და გავლენა მას არ ჰქონდა პოლიტიკაზე და დღეს თავად უარყვეს და თქვეს, რომ, რა თქმა უნდა, ჰქონდათ კომუნიკაცია და ის ერეოდა პოლიტიკაში. ალბათ, ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი კომუნიკაცია ჰქონდათ შოვის მოვლენების დროს, სწორედ ივანიშვილს ეკუთვნის ის ყოვლად არაადამიანური გზავნილი, ალბათ, ვვარაუდობ, ეგ სიბრძნე ურჩია ეთქვათ, რომ ვინც გადარჩა გადარჩაო, ეს იყო მათი კრიზისიდან დასხლტომის რეცეპტი, ალბათ“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ის ასევე კორუფციასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ გზავნილებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა იცის, რომ კორუფციის ის ხარისხი, რომელშიც მმართველი პარტიაა ჩაძირული, მათ ამომრჩეველსაც კი ძალიან აბრაზებს.
„ქართული ოცნება“ იმდენად ჩაძირულია კორუფციაში, რომ მათ იციან, რომ ის ხარისხი კორუფციის, რა ხარისხშიც არიან ისინი გახლართულები, მათივე ამომრჩეველსაც უკვე ძალიან აბრაზებს – როდესაც პრემიერი ტყეს ჩუქნის ცოლს, როდესაც პირად საქმეზე სახელმწიფო თვითმფრინავით მიფრინავს, როდესაც ცოლის დაბადების დღეზე საჯარო მოხელეები გარეთ კარისკაცებივით ჰყავს დაყენებული, პროტოკოლის თანამშრომლები და ა.შ. როდესაც ასიათასობით ღირებულების მანქანებს ყიდულობენ და გამოცხადებული აქვთ კონკურსი, ვინ უფრო დიდ ჯიპზე დაჯდება ანუ მან კარგად იცის, რომ კორუფციამ გააბრაზა „ქართული ოცნების“ ამომრჩეველიც კი. თუმცა ის გამოსავალი, რომელიც მან შესთავაზა საზოგადოებას, არის დანაშაულზე ხელის დაფარება და არა გამოსავალი, იმიტომ, რომ კორუფცია არ არის ადამიანური ცდუნება, ეს არის სისხლის სამართლებრივი დანაშაული. და თუ შენ კარგი ხელისუფალი ხარ, აშენებ სახელმწიფო ინსტიტუციებს, რომლებმაც უნდა მოახდინოს კორუფციის პრევენცია და თუ კორუფციული ფაქტები ხდება, მათი გამოძიება და მართლმსაჯულებაში მიცემა შესაბამისი კორუმპირებული პირის, ვინც არ უნდა იყოს ის. როცა შენ ცუდი ხელისუფალი ხარ, მაშინ ამბობ, რომ მე ვიქნები გარანტი, რომ არ მოხდება კორუფცია და გინდა, რომ ამით მოიტყუო ადამიანები. მაგრამ ჩვენ ივანიშვილის ბევრი დაპირება ვნახეთ, მათ შორის, ღარიბაშვილი პირველ ჯერზე კორუფციის გამო გაუშვა და დაგვპირდა, რომ ეს აღარ მოხდებოდა. ამიტომ მის დაპირებას არანაირი ფასი არ აქვს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ამასთან, როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ივანიშვილის პოლიტიკაში „დაბრუნება“ კარგია როგორც საზოგადოებისთვის ასევე ოპოზიციისთვის.
„ეს კარგია საზოგადოებისთვის, სიცხადეა, იმიტომ, რომ ის კარგად ხედავს, რომ მთელი ამ უმსგავსობის უკან დგას ივანიშვილი და არა რომელიმე ცალკე აღებული ჩინოვნიკი. ოპოზიციისთვის ძალიან კარგია ეს სიცხადე და მკაფიოობა იმიტომ, რომ მკაფიოობას ყოველთვის ერიდებოდა ხელისუფლება და ახლა ისე გაუჭირდათ, რომ იძულებულები გახდნენ, გამოსულიყო ივანიშვილი სამალავიდან. ჩვენ ვართ ძალიან ფოკუსირებული და ჩვენი მთავარი ამოცანა უცვლელი რჩება – რუსული ხელისუფლების გაშვება და ხელისუფლებაში მოსვლა დემოკრატიული ძალების, რომლებიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურებიან და არა მოსკოვის ინტერესებს“,- განაცხადა ნაცვლიშვილმა.