ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას, FARA-ს კანონმდებლობასთან, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონსა“ და „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში მიღებულ უახლეს ცვლილებებთან დაკავშირებით, რადგან ისინი მოიცავს სასჯელაღსრულების ზომებს და საბოლოოდ შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან და სერიოზულად აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას, – ამის შესახებ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დირექტორმა მარია თელალიანმა საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ეუთო აგრძელებს შეშფოთების გამოთქმას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის კი, ქვეყანაში პოლიტიკური წარმომადგენლების ბოლოდროინდელი დაპატიმრებების გამო.
„მესამე კომიტეტში საქართველოს საკითხზე გამართული დისკუსიის მოსმენის შესაძლებლობა მაძლევს საშუალებას, რამდენიმე მოსაზრება გამოვთქვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი აგრძელებს საქართველოში არსებული სიტუაციის ძალიან ყურადღებით მონიტორინგს FARA-ს კანონმდებლობასთან, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონთან, ასევე გრანტების შესახებ საქართველოს კანონში მიღებულ უახლეს ცვლილებებთან დაკავშირებით.
ჩვენ გამოვთქვამთ ჩვენს ღრმა შეშფოთებას, რადგან ისინი მოიცავს სასჯელაღსრულების ზომებს და საბოლოოდ შეუთავსებელია საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან და სერიოზულად აფერხებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ლეგიტიმურ მუშაობას.
ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპატიმრებებით და მისი გავლენით საქართველოში დემოკრატიულ პროცესებზე. ჩვენ ვაგრძელებთ შეშფოთების გამოთქმას ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის ადამიანის უფლებათა უფრო ფართო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ჩვენი შეთავაზება საქართველოსთვის, დახმარების გაწევის შესახებ, შეკრებების ხელშეწყობის, კანონის უზენაესობის მონიტორინგის, ასევე მომავალი ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების საკითხებში, ძალაში რჩება და მივესალმები ნებისმიერ შესაძლებლობას ამ მიმართულებით, რათა ODIHR-მა შეძლოს საქართველოს დახმარება მისი ვალდებულებების შესრულებაში“, – განაცხადა მან.
