რუსეთი ადასტურებს სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილის სიკვდილს

რუსეთის კურსკის ოლქში დაიღუპა სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილე, გენერალ-მაიორი მიხაილ გუდკოვი. ამის შესახებ დღეს, 3 ივლისს განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ.
ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, გუდკოვი 2 ივლისს დაიღუპა „კურსკის ოლქის ერთ-ერთ სასაზღვრო რაიონში საბრძოლო მუშაობის დროს“.
უკრაინული მედია და ბლოგერები წერენ, რომ გენერალი გუდკოვი „ლიკვიდირებულია“.
რუსული ტელეგრამ-არხების ცნობით, გუდკოვი და კიდევ ათი ოფიცერი კურსკის ოლქის დასახლებული პუნქტის, კორენოვოს რაიონში უკრაინის სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლნენ.
მიხაილ გუდკოვი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ მე-11 რუსი გენერალია, რომელთა სიკვდილის შესახებაც საჯარო წყაროებითაა ცნობილი.
გუდკოვი რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლის მოადგილედ 2025 წლის მარტში დაინიშნა. მანამდე ის ხელმძღვანელობდა საზღვაო ქვეითთა 155-ე ბრიგადას, რომელიც უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ მონაწილეობდა ჯერ კიევის ოლქზე, შემდეგ კი ქალაქ მარიუპოლზე შეტევაშუ.
155-ე ბრიგადა ჩართული იყო რუსეთის კურსკის ოლქის დაცვაშიც. ბრიგადის სამხედროები ეჭვმიტანილი არიან უკრაინელი სამხედრო ტყვეების დახოცვაში.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სუმის ოლქღან მოსაზღვრე კურსკის ოლქში სახმელეთო ოპერაცია 2024 წლის აგვისტოში დაიწყეს. უკრაინამ ოპერაციის მიზნად დაასახელა თავისი მოსაზღვრე ტერიტორიების დასაცავად უსაფრთხოების, ე.წ. ბუფერული ზონის შექმნა.
2025 წლის 26 აპრილს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვალერი გერასიმოვმა პრეზიდენტ პუტინს მოახსენა, რომ კურსკის ოლქი სრულად გაათავისუფლეს. თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები განაგრძობენ აქტიურ თავდაცვით ოპერაციებს რუსეთის კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში.
ფორუმი