თუ „ლელო“ და გახარიას პარტია გავა, ბიძინა ივანიშვილი ჩაატარებს სანაქებო არჩევნებს, ერთ ხმას არ გააყალბებს და ნულზე მოუგებს ამ ორ პარტიას – ფსევდო ბრძოლაში შეყოლა სისულელეა, ბევრად უფრო მტკიცე დაპირისპირების საშუალება არის ბოიკოტი, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ფიქრობს, რომ ეს ორი პარტია მეორე ადგილისთვის და მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსისთვის იბრძვის.
„რაც შეეხება [ხაზარაძის] წერილში რაცაა აღნიშნული – პირველი – მათზე ზეწოლას არავინ ახდენს. სიტყვა „ბულინგი“ პოლიტიკოსის მხრიდან ჩემთვის მიუღებელია. რას ნიშნავს ბულინგი?! ვინმემ პერსონალური შეურაცხყოფა გაბედა მათ წინააღმდეგ, მოღალატე ეძახა, „ქართული ოცნების“ პროპაგანდას აჰყვა თუ რა?! მათი პოლიტიკური პოზიცია კი არ გაკრიტიკდება, არამედ შესაბამისი სახელი დაერქმევა. „არ შეიძლება ქვეყანა უბრძოლველად ჩავაბაროთო“. ფსევდო ბრძოლით უნდა ჩააბარო?! თუ ეს ორი პარტია გავა, ბიძინა ივანიშვილი ჩაატარებს სანაქებო არჩევნებს, ერთ ხმას არ გააყალბებს, ნულზე მოუგებს ამ ორ პარტიას და მიიღებს ლეგიტიმაციას. არ დასჭირდება გაყალბება. ფსევდო ბრძოლაში შეყოლა სისულელეა. ბევრად უფრო მტკიცე დაპირისპირების საშუალება არის ბოიკოტი და ბევრად უფრო მეტ მსხვერპლზე წასვლა არის, ვიდრე ამ არჩევნებში შესვლა,“ – განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, საუკეთესო სცენარი იქნებოდა, რომ „ლელო“თავის შეცდომაში არ გაჯიუტებულიყო.
„როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტიები არ იღებენ მონაწილეობას, საზოგადოებაში ასეთი განწყობაა, თვითონ ციხეში სხედან, კიდევ იმავეს რომ „აწვებიან“, ეს ჩვენი პრობლემაა თუ მათი?! ეს ხალხი, ჩემი აზრით, დაბრმავებულია მეორე ადგილის პერსპექტივით და მთავარი ოპოზიციური ძალის სურვილით.
რაც შეეხება გახარიას, ის თავისუფალია, ოღონდ ქვეყანაში არ არის და მე რასაც ვუყურებ, შეიძლება, ჩამომსვლელიც არ იყოს,“ – განაცხადა სანიკიძემ.
გარდა ამისა, მან შეაფასა ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომ „ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია“ და აღნიშნა, რომ „ეუთოს გენერალური მდივნის პოზიცია არის დასავლეთში უკიდურესად საგამონაკლისო პოზიცია“.
მისი თქმით, დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა თვლის, რომ ქვეყანას კოალიციური ოპოზიციური პროდასავლური ხელისუფლება უნდა მართავდეს.
ამასთან, სანიკიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკის პრეზიდენტები და სახელმწიფო მდივნები 6 თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ და ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულია კუნძულოვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან „დაკრეჭილი ფოტოების დადებით“.
„მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს კომუნიკაცია გვექნება, მაგრამ ეუთოს გენერალური მდივნის პოზიცია არის დასავლეთში უკიდურესად საგამონაკლისო პოზიცია და ჩემი აზრით, ძალიან იშვიათ განცხადებას მიეკუთვნება. ეს არ ნიშნავს, რომ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ჩემი აზრით, დამატებით ახსნა-განმარტებები ჩვენი მხრიდანაც უნდა გაკეთდეს და მასთან შეხვედრა აუცილებელია.
ხომ ნახეთ მაკა ბოჭორიშვილი ვის ართმევს ხელს და რა ფოტოებს დებენ?! ეს იყო ქვეყანა, სადაც ამერიკის პრეზიდენტები და სახელმწიფო მდივნები 6 თვეში ერთხელ ჩამოდიოდნენ და ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო დაკავებულია კუნძულოვანი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებთან დაკრეჭილი ფოტოების დადებით. ეს ნორმალურია?! ამიტომ ჩვენი დასავლელი პარტნიორების უმრავლესობა თვლის, რომ ქართველი ხალხის ნების გათვალისწინება ის კი არ არის, ბიძინა მე რას დამიწერს და მერე შევგოგმანდე პარლამენტში, არამედ ის, რომ ჩვენ 76 მანდატზე მეტი მივიღეთ და ამ ქვეყანას უნდა მართავდეს კოალიციური ოპოზიციური პროდასავლური ხელისუფლება. ეს არის მთავარი უსამართლობა, რის გამოც ამ ქვეყანაში 500-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და 60-ზე მეტი ადამიანი ახლაც პოლიტპატიმარია,“ – განაცხადა სანიკიძემ.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეაფასა ისრაელის საელჩოს განცხადება, სადაც აღნიშნულია, „შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო – ეს მორალურად არასწორია“. სანიკიძის თქმით, „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით ისრაელმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს.
„ჩემი აზრით, ჩვენი, პროდასავლური პარტიების მხრიდან დამატებითი საუბარი უნდა შედგეს ისრაელის საელჩოსთან, იმიტომ, რომ ჩვენ დიდი ხნის განმავლობაში ვამბობთ, რომ როდესაც ქვეყანას ფორმალურად მართავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ირანში დაესწრო მნიშვნელოვან ცერემონიას, სადაც მიმდინარეობდა სკანდირება – „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, იმის შემდეგ, არაფერი უნდა გაუკვირდეთ. მე ის მიკვირს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები რამდენჯერმე მიიღეს ისრაელში, ამიტომ ისრაელმაც ჩემი აზრით, გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ჩვენ გვექნება ამასთან დაკავშირებით დამატებითი კომუნიკაცია. სახელმწიფოებმა ამ ხელისუფლებას განაჩენი უნდა გამოუტანონ.
დღეს ირანს ტერორისტული რეჟიმი მართავს და მათ უცხადებენ სოლიდარობას. მაშინ ისრაელის საელჩოშიც უფრო აქტიურად უნდა დაბრძანდებოდნენ, მაგრამ როდესაც ირაკლი კობახიძეს ისეთი განცხადება აქვს მოსმენილი და არ დაუგმია განცხადება „სიკვდილი ამერიკას, სიკვდილი ისრაელს“, იმის შემდეგ, საერთოდ არაფერი უნდა გაუკვირდეს,“ – განაცხადა სანიკიძემ.
