უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო რუსეთის ლიპეცკის ოლქის ადმინისტრაციულ ცენტრზე, ქალაქ ლიპეცკზე და ქალაქ ელეცზე. ადგილობრივი ტელეგრამ-არხების ცნობით, 3 ივლისს გამთენიისას რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა.
ოლქის გუბერნატორ იგორ არტამონოვის თანახმად, ქალაქ ლიპეცკის რაიონში დრონების ნამსხვრევები კერძო სახლს დაეცა, დაიღუპა ერთი და დაიჭრა ორი ადამიანი.
გუბერნატორი ადასტურებს დრონებით შეტევას ქალაქ ელეცის ერთ-ერთ საწარმოზე, რომელსაც არ აკონკრეტებს. არტამონოვის ცნობით, ხანძარი გაჩნდა საწარმოს ავტოსადგომზე, საამქროებიდან თანამშრომლების ევაკუაცია განხორციელდა.
ტელეგრამ-არხი Astra წერს, რომ დრონებით დარტყმა იყო ქარხანა „ენერგიაზე“, რომელიც უპილოტო საფრენი აპარატებისთვის აკუმულატორებს აწარმოებს. ამ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო 2025 წლის მაისშიც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების დაკონკრეტების გარეშე აცხადებს, რომ 3 ივლისს ლიპეცკის ოლქში 10 უკრაინული დრონი გაანადგურეს. თავად უკრაინას ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.
1 ივლისს დრონებით შეტევა იყო რუსეთის ქალაქ იჟევსკის ელექტრომექანიკურ ქარხანა „კუპოლზე“, რომელიც უკრაინის სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთვის აწარმოებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს, „ტორს“ და „ოსას“ და უპილოტო საფრენ აპარატებს, „გარპია“.
იჟევსკის ამ საწარმოზე დრონებით შეტევა იყო 2024 წლის ნოემბერშიც.
ფორუმი
