იმედგამაცრუებელია ღვთისიაშვილის ირანის სოლიდარობის ღონისძიებაზე ყოფნა – ისრაელის საელჩო

იმედგამაცრუებელია ღვთისიაშვილის ირანის სოლიდარობის ღონისძიებაზე ყოფნა – ისრაელის საელჩო
“შევშფოთდით, როცა გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას” – ასე ეხმაურება ისრაელის საელჩო მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის, ალექსანდრე ღვთისიაშვილის ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებას.
“იმ დროს, როცა დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმად იმედგამაცრუებელია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“ – წერია განცხადებაში, რომელსაც ისრაელის საელჩო ფორმულას უგზავნის.
იქამდე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია ღონისძიებაზე, რომელიც მათი თქმით, ეძღვნებოდა “ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას”.
“ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.
მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.
დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის” – წერს ირანის საელჩო.