ისრაელის საელჩო: შევძრწუნდით, რადგან მინისტრის მოადგილე სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო ირანის საელჩოში

ისრაელის საელჩო შეშფოთებულია, რადგან „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენელმა სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა „ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულთა“ გამო.
ამის შესახებ ისრაელის საელჩომ “რადიო თავისუფლებას” კითხვის პასუხად განუცხადა.
„შევძრწუნდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დაესწრო სოლიდარობის ღონისძიებას თბილისში, ირანის საელჩოში…
იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმა იმედგაცრუებას იწვევს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია“, – განუცხადეს რადიო თავისუფლებას ისრაელის საელჩოში.
მანამდე დღეს ირანის საელჩომ გააკეთა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ღვთისიაშვილმა მათ მიუსამძიმრა.
ირანის საელჩოს ცნობით, ღვთისიაშვილმა საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
„2024 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.
მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ. დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის“, – ნათქვამია ირანის საელჩოს განცხადებაში.