ჩვენთვის მანდატების შეწყვეტას რომ კენჭი უყარეთ, თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა – აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ძალიან ცდებით – გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები, რატომ არ არიან ჩვენი დეპუტატები ამ კოსიმიაში და რატომ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას, გადავდოთ და საქმეზე გადავიდეთ,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, გიორგი გახარიამ დროებით საგამოძიებო კომისიაზე განაცხადა, რითაც უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის კითხვას გახარიას პარტიის მანდატებთან დაკავშირებით.
როგორც გახარიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ ლეგიტიმაციის პრობლემის მთავარი ფაქტორი ისაა, რომ დღეს ერთპარტიული პარლამენტია“.
„ჩვენ როგორ მოვექეცით საკუთარ ამორმჩეველს, ამას გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი, როდესაც შემდგომი არჩევნები იქნება. ეს ერთი, მეორე- რაც შეეხება ჩვენს ორ წევრს, რომლებსაც ამ კომისიაში შეუძლიათ, რომ იყვნენ, ისინი ამ კომისიაში არ არიან. ამ კომისიის მუშაობა, რასაც აჩვენებს, ბოლოსკენ ხომ გახვედით, ძალიან სწორად არ არის იმიტომ, რომ კომისიის გაცხადებული მიზანი თქვენ გქონდათ ერთი და ახლა კომისია მუშაობს საერთოდ სხვა საკითხზე. ისე, რომ ის ერთი მიზანი, რითაც დაიწყეთ ეს კომისია და რისთვისაც შექმენით, შუა გზაში მიაგდეთ, არც გაგხსენებიათ. დღეს საერთოდ იკვლევთ რაღაცებს, იქ მანდატების გაუქმებას…
რაც შეეხება პარლამენტის მანდატებს, ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ პროცედურულ ნაწილში, როდესაც კომიტეტმა ეს განიხილა, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვქონია, მაგრამ როდესაც კენჭი უყარეთ, ეს უკვე თქვენი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ის, რომ დღეს თქვენ ხართ ერთპარტიული პარლამენტი, ეს არის მთავარი ფაქტორი, რომ ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა გაქვთ. ეს თქვენი გადაწყვეტილება და არავისი სხვისი. ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლიტიკურ ბოიკოტში ვიყოთ. სხვებივით ხომ არ გაგვიუქმებია ჩვენი მანდატები და სიები, ეს ჩვენი პოლიტიკური უფლებაა და ამას ვერც თქვენ, ვერც კომისია ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ გაგვიუქმებთ. შესაბამისად, თქვენი გადასაწყვეტია. თქვენ აყენებთ თქვენს თავს იმ მდგომარეობაში, როგორშიც ხართ. ახლა აქეთ თუ მთხოვთ, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ თქვენს ლეგიტიმაციაზე, ძალიან ცდებით. გადავდოთ ჩემი მორალური შეფასებები, რატომ არ არიან ჩვენი დეპუტატები ამ კოსიმიაში და რატომ არ ვაღიარებთ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციას. გადავდოთ, საქმეზე გადავიდეთ“,- განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, გახარიამ იმედი გამოთქვა, რომ კომისიის წევრები მიკროფონს არ გაუთიშავენ და დასძინა, რომ ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, კავშირის აღდგენას დაელოდება.
„იმედია, არ გამაწყვეტინებთ სანამ პასუხს არ დავასრულებ და იმედია, მიკროფონს არ გათიშავთ. რაც შეეხება მიკროფონის და ჩართვის გათიშვას – სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ნებისმიერი ტექნიკური შეფერხების პირობებში, მე ვზივარ აქ და ველოდები ამ კავშირის აღდგენას. ნებისმიერ ფორმატში რომ აქ რაღაც გაუგებრობები არ მოხდეს, იმიტომ, რომ ინფორმაციები ჩვენც გვაქვს. თქვენც მაგარი შეკრული გუნდი გყავთ და ჩვენც ბევრი ინფორმაციები მოგვდის და ამ ჩართვის ტექნიკური შეფერხებებით შეჩერების [მცდელობის შემთხვევაში], ჩვენ ვსხედვართ აქ და ველოდებით მის აღდგენას,“ – განაცხადა გახარიამ.
პასუხად, თეა წულუკიანმა მას უთხრა: „ტექნიკურ ნაწილში შეგეპასუხებით, ნუ გეშინიათ, დამშვიდდით, დაწყნარდით“.
ამასთან, გახარიას კომისიის კიდევ ერთმა წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა ასე უპასუხა: „პარანოიდალური ისინი არაა საჭირო. არავინ გაგთიშავთ, ხელს შეგიწყობთ პირიქით. პირადად აღვადგენ თუ სადმე გაწყდა კავშირი“.
