კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მოქმედი სასტუმრო Chateau Mere ისევ იყიდება.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ბიზნესმენმა გია პირადაშვილმა თქვა, „შატო მერეს“ გაყიდვის გადაწყვეტილება არ შეუცვლია და ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი სიტუაციდან გამომდინარე ტურიზმში არსებული მდგომარეობა.
გია პირადაშვილმა „შატო მერეს“ გაყიდვის შესახებ ინფორმაცია პირველად 2024 წლის მარტში გაავრცელა. კომპანიის მმართველი პარტნიორი მაშინ BM.GE-სთან ამბობდა, რომ პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მლნ დოლარი იყო.
– დიახ, კიდევ ვყიდი [“შატო მერეს”]… მაგრამ არ ვაქტიურობ, რადგან დღეს ამ აქტივის გაყიდვა წარმოუდგენელია, თუნდაც იაფად…
– მიზეზი ტურიზმში არსებული პრობლემები ანუ ნაკლები ტურისტია?
– რა თქმა უნდა… რადგან ვერ ვხედავ ერთობას ვერცერთი მხარისგან – ვერც ოპოზიციისგან, ვერც – ხელისუფლებისგან. ორივე რაღაც გაურკვეველი ხელების ქნევაში არიან, რაც ყოველთვის აზიანებს ქვეყნის ეკონომიკას და ტურიზმის დარგს.
„წერტილთან“ ინტერვიუში „შატო მერეს“ დამფუძნებელმა ტურიზმში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა. ის ამბობს, რომ მართალია, წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ახლა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ძირითადად, ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე, ვიდრე – საერთაშორისო მოგზაურების.
ბიზნესმენის დაკვირვებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და განწყობა საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას უკარგავს.
„ტურისტი არ ჩანს. იმ ტურისტებზე ვსაუბრობ, ვის დანახვასაც მიჩვეულები ვიყავით დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და თუნდაც რუსეთიდან“ – ამბობს გია პირადაშვილი.
