პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მათთან [ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე] ჰქონდა კითხვები, რომელიც არ მიიღეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაიბარეს და მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და მათთვის მნიშვნელოვანი რომელიღაც ელჩის სიტყვებია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან, დაკავებული პოლიტიკოსების პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე მეორედ გამოუცხადებლობაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კომისიამ მათი გამოუცხადებლობის საქმე გადააგზავნა პროკურატურაში და ახლა პროკურატურა მიიღებს გადაწყვეტილებას.
„პარლამენტის საგამოძიებო კომისიას მათთან [ნიკა გვარამია, მამუკა ხაზარაძე, გიორგი ვაშაძე] ჰქონდათ კითხვები, რომელიც არ მიიღეს. ამიტომ, კიდევ ერთხელ დაიბარეს და მიეცათ შესაძლებლობა, რომ ახლა მაინც ეღიარებინათ დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუცია. მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და მათთვის მნიშვნელოვანი რომელიღაცა ელჩის სიტყვებია.
გამოიძახეს, არ მოვიდნენ -კომისიამ გადააგზავნა პროკურატურაში, რა რეაგირება ექნება პროკურატურას, ეს მათი გადასაწყვეტია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
კითხვაზე, საგამოძიებო კომისიაზე მეორედ დაბარების გამო იქნება თუ არა სასჯელის გაზრდა სამართლიანი, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ ეს პარლამენტის საქმე არ არის.
„გაზრდა იქნება თუ არა, ეს პარლამენტის საქმე არ არის. პარლამენტის საქმეა, მოიწვიოს ყველა, ვინც საკითხის გასარკვევად არის საჭირო. საგამოძიებო კომისია ამას აკეთებს. თქვენ ამბობთ, რომ ადამიანი ერთხელ რომ მოკლავს ვინმეს, მეორედ რომ მოკლას, არაფერში არ უნდა შევედავოთ?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის, ნიკა გვარამიას, ასევე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძისა და „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ კომისიის სხდომაზე განმეორებით გამოკითხვაზე უარის გამო, პროკურატურას მეორედ მიმართავს.
შესაბამისი გადაწყვეტილება კომისიის 30 ივნისის სხდომაზე მიიღეს.
