“ეს ყველაფერი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს… შეიძლება ეკონომიკა რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს” – ინტერვიუ

კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი ზურაბ მარგველაშვილის შეფასებით, დაძაბულობა და არასტაბილურობის განცდა, რომელიც საქართველოშია, ქვეყნის ბიზნესკლიმატზე დადებითად არ აისახება. ასე ხსნის ბიზნესმენი BAG ინდექსის მეორე კვარტალის შედეგებს, რომლის თანახმად, გაუარესებულია როგორც ბიზნესკლიმატი, ისე – ბიზნესის მოლოდინები შემდეგი 6 თვის განმავლობაში. ზურაბ მარგველაშვილს მიაჩნია, რომ საქართველო მაქსიმალურად უნდა ისწრაფოდეს დასავლეთის ყველაზე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებთან საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებაზე. BMGTV-ის გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში, ბიზნესმენმა მიანიშნა, რომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საერთაშორისო პარტნიორ ქვეყნებთან შექმნილი ურთიერთობა ნეგატიურად ისახება ქართული ბიზნესჯგუფების უცხოურ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე.
– 2023 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ პირველად დააპირა ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება, BAG-ინდექსის ბიზნესკლიმატი უარესდება – გაუარესდა წელს, მეორე კვარტალშიც. რა არის მთავარი ფაქტორები ამ შედეგის და რამდენად არის, მათ შორის, წამყვანი პოლიტიკური კრიზისი?
– ვინაიდან არის გარკვეული დაძაბულობა, არის არასტაბილურობის განცდა ჩვენს ქვეყანაში, ეს დადებითად არ ისახება ბიზნესკლიმატზე. ზოგადად, მოგეხსენებათ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა განუჭვრეტელობა ანუ მოვლენების პროგნოზირება არის ძალიან რთული და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელი. გლობალურად არის რყევები და ამას რომ ემატება ჩვენთან არსებული დაძაბულობა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ართულებს [სიტუაციას]; ამდენად, ჩვენი ერთ-ერთი მიზანი, როგორც ქვეყნის, არის და უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება მეტი სწრაფვა და საქმიანი ურთიერთობა გვქონდეს დასავლეთის ყველაზე განვითარებული ქვეყნების ეკონომიკებთან; ისინი ყველაზე ძლიერები და სტაბილურები არიან და ამავდროულად მგრძნობიარენი არასტაბილური და საფრთხის შემცველი [გარემოს მიმართ], რადგან ეს ხალხი ათეულობით წლებით წინ იყურება და ამის მიხედვით აგებენ თავიანთ საინვესტიციო გეგმებს.
– იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია, რამდენად გამოგვივა მეტი დაკავშირება დასავლეთის ქვეყნებთან და მათ ეკონომიკებთან და გაუარესებული ბიზნესკლიმატის მთავარი მიზეზი შიდა პოლიტიკური ვითარებაა?
– შეიძლება, განმეორება მომიწიოს, მაგრამ ყველაზე გავლენიან და ყველაზე ძლიერ საფინანსო ინსტიტუტებთან საქართველო ყოველთვის თანამშრომლობდა. ეს როგორც წესი, არის დასავლეთ ევროპული და ამერიკული ინსტიტუტები, როგორებიცაა: მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC), ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, გერმანული ფონდები და ა.შ. ისტორიულად ესენი იყვნენ ყველაზე დიდი დონორები ქართული ეკონომიკის და მათ შორის, უპირველეს ყოვლისა, ქართული ბანკების მეშვეობით ახდენდნენ ინვესტირებას; ზოგ შემთხვევაში პირდაპირი ინვესტიციებიც ყოფილა – მაგალითად, ჩვენ IFC-თან da EBRD-თან ვთანამშრომლობდით წლების განმავლობაში და მნიშვნელოვანია, რომ ამ საერთაშორისო ინსტიტუტებთან აღვადგინოთ ურთიერთობა და მათ ჰქონდეთ სურვილი და სწრაფვა, ქართული ეკონომიკის განვითარებაში შეიტანონ თავისი წვლილი. ეს მთლიანად ქვეყნისთვის არის საჭირო.
– „მნიშვნელოვანია,საერთაშორისო ინსტიტუტებთან აღვადგინოთ ურთიერთობა“ – ამ ფრაზაში რა იგულისხმეთ? ხელისუფლებასა და დასავლეთს შორის გაუარესებული ურთიერთობა უკვე აისახა საქმიან კავშირებზეც?! მაგალითად: ხომ არ შეგექმნათ პრობლემები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ახალი საკრედიტო ხაზების გახსნაზე?
– ამას ამჟამად ვერ ვიტყვით ქართულ ბანკებთან ურთიერთობაში, მაგრამ ქვეყნდება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აქტივობები, რომელიც შემცირებულია, რადგან როგორც წესი, ისინი ძალიან ხშირად ქართულ ეკონომიკაში არა მხოლოდ ბანკების მეშვეობით, არამედ პირდაპირ კომპანიებთანაც იწყებდნენ თანამშრომლობას და აშკარაა, მ მათი აქტივობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ამის გაჩერება და აღდგენა არის ქართული ეკონომიკისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი.
– საქართველოს ეკონომიკის მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი გახდა. რა უნდა იყოს ახალი მინისტრის მთავარი საზრუნავი და საფიქრალი?
– ალბათ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და ინვესტიციები ქართულ ეკონომიკაში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და მინდა, მჯეროდეს ამის და ვუსურვებ წარმატებას ქალბატონ მინისტრს.
– BAG-ის ინდექსით, მეორე კვარტალში შემდეგი 6 თვისთვის ბიზნესის მოლოდინებიც გაუარესებულია. ამის მიზეზიც პოლიტიკური დაძაბულობაა?
– საინვესტიციო კლიმატი და ქვეყნის ეკონომიკა არის იმ მდგომარეობაში, რომ ეს ყველაფერი დიდხანს არ უნდა გაგრძელდეს, რადგან შეიძლება ეკონომიკა და ქვეყნის მოსახლეობა ბევრად რთულ ვითარებაში აღმოჩნდეს.