თუ უნდა, ჩამოვიდეს საქართველოშიც. ჩამოვიდეს, ვინ უშლის? რა პრობლემაა, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე კითხვას, რატომ არ იმყოფებოდა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი საქართველოში, როდესაც ის სომხეთში ჩავიდა.
კითხვაზე, თუ რას აკეთებს მმართველი გუნდი, რომ კაია კალასი საქართველოში ჩამოვიდეს, კალაძე პასუხობს, რომ მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესებს იცავს.
„ევროპული ბიუროკრატია არავითარ კავშირში არ არის ევროპულ ღირებულებებთან. პირდაპირ გეუბნებიან შავზე, რომ თეთრია. ორმაგი სტანდარტები კატეგორიულად მიუღებელია. მას შემდეგ, რაც დაიწყო რუსეთ- უკრაინის ომი, პირდაპირ მოთხოვნები და მუქარებია, რაც დღესაც გრძელდება. იყო მეორე ფრონტის გახსნაზე მოთხოვნაც. იყო სანქციებთან მიერთების თემა, რომელიც ეკონომიკურად დამაზიანებელი იქნებოდა. ჩვენ არავის ვებრძვით, არავის ვერჩით, ვიცავთ საკუთარ ქვეყანას, გვინდა ევროპასთან მეგობრობა, ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობა. სამართლიანობა გვინდა. იქ [ევროპაში] თურმე შეიძლება მიიღო კანონი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, საქართველოსთვის კი არ შეიძლება, იმიტომ, რომ ხალხი გააკონტროლებს თანხებს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ხალხი მაქვს მხედველობაში, არჩევნები არსებობს, ხალხი მიიღებს გადაწყვეტილებას და არა ის, ვინმე „დიდმა ბიძიებმა“ გარედან გადაწყვიტონ, შეცვალონ ხელისუფლება და მათი აგენტურა მოიყვანონ. ეს ვერ იქნება“, – აღნიშნა კალაძემ.
