“საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას”

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების ხელმომწერი დიპლომატების თანამდებობიდან გათავისუფლებას ან დაქვეითებას — ამის შესახებ სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარაშვილი სოციალურ ქსელ “X”-ში წერს.

„რეორგანიზაცია, როგორც შტაბ-ბინაში, ასევე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებში, უპირველეს ყოვლისა მიზნად ისახავს ერთობლივი განცხადების ხელმომწერთა თანამდებობიდან გათავისუფლებას ან თანამდებობებიდან დაქვეითებას. მთელი პროცესი გარდაუვლად გამოიწვევს საქართველოს დიპლომატიური სამსახურის სისტემურ პოლიტიზაციას,“ – აცხადებს ცისკარაშვილი.

მისივე თქმით, იგი უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს ე.წ. მენეჯერული კონკურსში და 28-წლიანი სამსახურის შემდეგ ტოვებს დიპლომატიურ სისტემას.

„რამდენიმე კოლეგასთან ერთად გადავწყვიტე, არ მიმეღო მონაწილეობა ამ რეორგანიზაციის ფარგლებში ადრე გამოცხადებულ მენეჯერულ თანამდებობებზე ე.წ. კონკურსში. ამით, ჩემი 28-წლიანი გამოცდილება საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში დასასრულს უახლოვდება,“ – წერს ცისკარაშვილი.

ცისკარაშვილი ერთ-ერთი იყო იმ დიპლომატებს შორის, რომლებმაც 2024 წლის ნოემბერში ღიად დაუჭირეს მხარი საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით განსაზღვრულ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

„ვუერთდები ჩემს კოლეგებს და კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს ერთგულებას საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ და ვუცხადებ სოლიდარობას ყველა საჯარო მოხელეს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს,“ — აღნიშნულია განცხადებაში.