აღმოსავლეთ ანტარქტიდაში, ყინულის 1.5-კილომეტრიანი ფენის ქვეშ, უძველესი ლანდშაფტი აღმოაჩინეს, რომლის ასაკიც 34 მილიონ წელს აღემატება. მეცნიერებმა სატელიტური მონაცემებისა და ყინულში გამჭოლად მოქმედი რადარის მეშვეობით დაადგინეს, რა იმალება ყინულის ქვეშ.
დამალული ტერიტორია მდებარეობს შორეულ რეგიონში, რომელიც ცნობილია როგორც უილკსის მიწა. კვლევის ხელმძღვანელმა და დარემის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორმა სტიუარტ ჯეიმისონმა აღნიშნა, რომ ეს ტერიტორია მარსის ზედაპირზე ნაკლებადაა შესწავლილი.
სატელიტური მონაცემების ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა ყინულის ქვეშ მაღალი ქედები და ღრმა ხეობები აღმოაჩინეს. სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უილკსის მიწაზე ყინული ძალიან ცივია და ნელა მოძრაობს, რის გამოც შიდა ლანდშაფტი ასე კარგად შენარჩუნდა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყინულის ქვეშ დაფარული რელიეფის ზოგი მონაკვეთი სიმძიმის გამო 487.6 მეტრითაა აწეული. „ის, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ, ხმელეთის უძველესი ზედაპირია, რომელიც ყინულოვან ფარს არ გაუნადგურებია. როგორც ჩანს, ის მდინარეებმა ჩამოაყალიბეს მანამ, სანამ ყინული გაჩნდებოდა“, – განაცხადა პროფესორმა ჯეიმისონმა.
კვლევა მეცნიერებს საშუალება მისცა დაესკვნათ, რომ უილკსის მიწაზე ადრე მდინარეები და ხშირი ტყეები, ხოლო კლიმატი ზომიერი იყო. როცა სუპერკონტინენტი გონდვანა იშლებოდა, ხმელეთის გადაადგილებამ წარმოშვა ბზარები და რღვევები, რომლებმაც, მთები სავარაუდოდ ჯერ კიდევ მყინვარების გაჩენამდე ცალკეულ ბლოკებად დაყო.
imedinews.ge
