კონსტიტუციონალისტების ნაწილი ეჭვქვეშ აყენებენ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას

კონსტიტუციონალისტები ეჭვქვეშ აყენებენ პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიის ლეგიტიმურობას და მას პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენებად მექანიზმად აფასებენ.
სპეციალისტების განცხადებით, კომისიის შემადგენლობაში ოპოზიციის ნახევარზე ნაკლები წარმომადგენლობა მიუთითებს იმაზე, რომ კომისია ფაქტობრივად უკანონოა.
კონსტიტუციონალისტები პირდაპირ ამბობენ, რომ უკანონო კომისიის მიერ მოწვევაც უკანონოა. მათი თქმით, პირი ვალდებული არ არის მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ მისი არგამოცხადება კომისიის სხდომაზე არ წარმოადგენს სამართლებრივ გადაცდომას ან დანაშაულს. კანონმდებლები აღნიშნავენ, რომ თავისუფლების აღკვეთის გამოყენება ამ საფუძვლით სამართლიანობასთან შეუსაბამოა.
“ამ კომისიაში არ არის ნახევარი ოპოზიცია ანუ თვისობრივად უკვე გვაქვს სახეზე უკანონო კომისია. შესაბამისად, უკანონო კომისიის მოპატიჟება და მოწვევა სხდომაზე, ამასტანავე არის უკანონო. თვითონ ეს ჩანაწერი, რომ კონსტიტუცია ამბობს, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ნახევარი, სწორედ მაგას გულისხმობს, რომ ოპოზიციური ბერკეტია თავისი არსით. ჩვენს კანონმდებლობას ეწინააღმდეგება თვითონ რასაც აკეთებს ეს კომისია და ყველა ამ კომისიაზე საზღვარგარეთ და ჩვენთანაც, კანონი განმარტავს, ჩვენება უნდა მისცე შენი თავის წინააღმდეგ, ესე იგი, ინკრიმინაციას აკეთებ შენი თავისას, რა თქმა უნდა, შეგიძლია, არ გამოცხადდე და ეს არ არის დანაშაული და არც გადაცდომა. ანუ რამდენიმე სამართლებრივი საფუძველია იმის, რომ ამ ხალხის მიმართ არ გამოყენებულიყო თავისუფლების აღკვეთა”, – ამბობს კონსტიტუციონალისტი ეკატერინე ეგუტია.
კიდევ ერთი კონსტიტუციონალისტი,კოტე ჩოკორაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საგამოძიებო კომისიის უმრავლესობა არ უნდა ეკუთვნოდეს მმართველ პარტიას, რადგან მისი ბუნებრივი დანიშნულება ხელისუფლების კონტროლია.
ის ასევე კომისიის მიდგომებს ორმად სტანდარტად აფასებს.
“აუცილებელია, საგამოძიებო კომისიაში უმრავლესობა არ ჰქონდეს ხელისუფლებას, ოპოზიციას ჰქონდეს უმრავლესობა, ანუ ოპოზიციამ მიიღოს მთავარი გადაწყვეტილებები და ჩვენ ვხედავთ სურათს, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ კომისიას. ასევე, ჩვენ ვხედავთ, რომ ოპონენტის წინაარმდეგ სადამსჯელო ღონისძიებას ატარებს ეს კომისია, იმიტომ, რომ ოპონენტებს არ აძლევენ საშუალებას, დისტანციურად ჩაერთონ. ვისაც ისინი თვლიან საჭიროდ, დისტანციურად რთავენ კომისიაზე. ცალსახაა, რომ აღნიშნნული საგამოძიებო კომისია გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის,” – ამბობს კოტე ჩოკორაია.
წყარო: tvpirveli.ge