“ჩემი მიზანია, მსურველებს ჩინური ენის AI-ს დახმარებით ხარისხიანად და სწრაფად შესწავლის შესაძლებლობა მივცე” – 15 წლის მარიამ გამგებელმა Educhino შექმნა

15 წლის მარიამ გამგებელმა ჩინური ენის სწრაფად შესწავლის ონლაინ პლატფორმა Educhino შექმნა. ნახევარი წლის წინ ამოქმედებულ პლატფორმას უკვე ჰყავს მომხმარებლები. Educhino-ზე სწავლა ინგლისურიდან ჩინურზე მიმდინარეობს, ვინაიდან ის არამხოლოდ ქართველებისთვის, არამედ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც ხელმისაწვდომი იყოს.
“ვებსაიტზე პროგრამებია, რასაც ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერ დროს შეგიძლია უყურო, ასევე თუ კითხვა გაგიჩნდება, შეგიძლია -ტუტორს იქვე ჰკითხო, რომელსაც Zhao დავარქვი. თუმცა, თუ მომხმარებელს მაინც დარჩება კითხვები, არც ესაა პრობლემა, შეუძლია მისთვის მოსახერხებელ დროს იქვე ჩანიშნოს ონლაინ შეხვედრა რეალურ მასწავლებელთან. გარდა ამისა, დამატებითი ყველა რესურსი, წიგნები, რვეულები, რომლებიც ერთ სივრცეშია თავმოყრილი”, – ამბობს bm.ge-სთან ინტერვიუში „მწვანე სკოლის“ მე-11 კლასის მოსწავლე, მარიამ გამგებელი.
მისივე თქმით, ტრადიციული განათლება ნელია და მოძველებული, რაც არ აძლევს მსურველს თავისუფლებას აირჩიოს, როდის და სად ისწავლოს სასურველი ენა.
ამასთან, როგორც მარიამი ამბობს, პლატფორმის იდეაც მას ეკუთვნის და მისი ამოქმედებაც თავადვე მარტომ შეძლო, თუმცა მამა დაეხმარა შპს-ს დაარსებაში. რაც შეეხება პლატფორმის ასამოქმედებლად საჭირო ინვესტიციას, მარიამ გამგებელის თქმით, ამისთვის სულ 300 დოლარი დასჭირდა. ვებგვერდი სატესტო რეჟიმში დეკემბერში ამუშავდა.
“ვებსაიტის კეთება მარტივი არ აღმოჩნდა, ბევრი თეთრი ღამე, სტრესი, ცრემლი, ნერვი, დარდი გამოვიარე, მაგრამ მაინც გამოვიდა… მიხარია, რომ შევძელი, ხალხისთვის მარტივად და კომფორტულად ჩინური ენის შესწავლის შესაძლებლობა მიმეცა”, – ამბობს Educhino-ს შემქმნელი.
მისივე თქმით, პლატფორმის გამოყენება უკვე დაიწყეს და დადებით შეფასებებსაც უტოვებენ. “მათი კომენტარები, მხარდაჭერა მაძლიერებს, ისინი პირდაპირ მეუბნებიან რა გავაუმჯობესო და რა მოსწონთ… იმედია, ერთ დღეს Educhino ყველას “go-to” ჩინური ენის პლატფორმა იქნება”, – ამბობს მარიამ გამგებელი.
15 წლის მარიამი ჩინური ენის მსოფლიო მნიშვნელობაზეც საუბრობს, მისი თქმით, ჩინურის ცოდნა კარს უხსნის ადამიანებს დასაქმდნენ საერთაშორისო კომპანიებში.
“ჩინური მსოფლიოში ყველაზე ხშირად სალაპარაკო მშობლიური ენაა, დაახლოებით 1.2 მილიარდი მოსაუბრით, რაც მას ფასდაუდებელს ხდის ბიზნესში და მის მიღმაც კომუნიკაციისთვის. ჩინური სულ უფრო პოპულარული ხდება ჩინეთის მზარდი გლობალური გავლენის გამო”, – ამბობს მარიამი.
აღსანიშნია, რომ ბოლო პერიოდში ჩინური ენა საქართველოშიც აქტუალური გახდა. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ სკოლებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის სწავლების ხელშეწყობისთვის დაწყებითი და საბაზო საფეხურის ჩინური ენის პროგრამაზე დაიწყო მუშაობა. მთავრობის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წლისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენა უკვე 24 (13 საჯარო და 11 კერძო) სკოლაში ისწავლება.