„ტურისტი არ ჩანს. იმ ტურისტებზე ვსაუბრობ, ვის დანახვასაც მიჩვეულები ვიყავით დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან და თუნდაც რუსეთიდან“, – ასე ხსნის „შატო მერეს“ დამფუძნებელი ტურიზმში არსებულ მდგომარეობას საკუთარი ტურისტული კომპლექსის მაგალითზე.
გია პირადაშვილი ამბობს, რომ მართალია, წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ახლა უკეთესი მდგომარეობაა, მაგრამ ძირითადად, ადგილობრივი ტურისტების ხარჯზე, ვიდრე – საერთაშორისო მოგზაურების.
ბიზნესმენის დაკვირვებით, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური მდგომარეობა და განწყობა საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას უკარგავს.
„ჩრდილოეთ კორეაში ხომ არ გვაინტერესებს წასვლა… იგივე ბელარუსში ჩადის ტურისტი? – არა… საქართველოშიც იგივე რისკებს ვხედავ“ – თქვა გია პირადაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში.
– ვინ არიან დღეს „შატო მერეს“ სტუმრები?
– უფრო ქართველები დადიან. ჩვენი ძველი სტუმრები, ვისთანაც დიდი ხანია გვაქვს ურთიერთობა, მაგრამ ახლებს ვერ ვხედავთ… შეიძლება თბილისში უფრო არიან ტურისტები, შემოსავალიც მოაქვთ, მაგრამ ის მთავარი ნაღები, რომელიც ყოველ სეზონზე უნდა მივიღოთ, რათა ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტში ბევრი გადასახადი შევიტანოთ და ასევე, შევძლოთ მეტი კვალიფიციური თანამშრომლის დაქირავება, რომელთა ნაწილი წავიდა ქვეყნიდან, [არ ჩანს]… ჩვენი სასტუმროდან 10 თუ 15 ადამიანი წავიდა; ზოგი პოლონეთში, ზოგი – სხვა ქვეყანაში, რადგან სტაბილურად ვერ გადავიხადეთ ხელფასები, ყველაფერს ერთად ვერ გავწვდით. დღესაც ცუდ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ რაღაცას ვცდილობთ, რომ გამოვძვრეთ…
– რა არის მთავარი მიზეზი, რატომაც ევროპის ქვეყნებიდან ტურისტებს ნაკლებად ხედავთ?
– განწყობა… ტურისტისთვის მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარება და კეთილდღეობა, რომ ჩამოვიდეს სამოგზაუროდ. გასაგებია, რომ ძალიან კარგი სამზარეულო და ბუნება გვაქვს, მაგრამ საჭიროა განწყობაც; როცა ადამიანებს ესმით, რომ იმ ქვეყანაში მსხვილი ბიზნესმენები დაიჭირეს, დაიჭირეს მშვიდობიანი დემონსტრანტები და ახალგაზრდები, ეს [ინფორმაცია მოქმედებს გადაწყვეტილების მიღებაზე]…
– ასეთ საქართველოში არ უნდათ მოგზაურობა?
– დიახ, არ აინტერესებთ და ეს მარტო საქართველოს არ ეხება. როგორც ჩრდილოეთ კორეაში წასვლა არ გვაინტერესებს, სადაც სხვადასხვა შეზღუდვაა და უცნაური კანონებია.. იგივე ბელარუსში ტურისტი ჩადის? არ ჩადის. მე ვიყავი ჩასული – ღვინის გაყიდვების დაწყება გვინდოდა ბელარუსში და ტაქსის მძღოლმა მითხრა – „ეს უშიშროების შენობაა და დიდხანს ნუ დააკვირდები, თორემ შეიძლება ვიღაცამ მოგაკითხოსო“…
– ასეთ რისკის წინაშეა დღეს საქართველო?
– რა თქმა უნდა. იგივე რისკებს ვხედავ… იქითკენ მივდივართ, სამწუხაროდ. ტურისტისთვის ქვეყნის განწყობა არის ერთ-ერთი მთავარი მოტივატორი, რომ მოგინდეს ჩასვლა. ჩვენ სად გვინდა ხოლმე მოგზაურობა? – იტალიაში, სადაც კარგი მუსიკა ისმის… და გვინდა, საქართველოდანაც ისმოდეს კარგი სიმღერების და ბედნიერი ადამიანების შეძახილები…
– „შატო მერეს“ კიდევ ყიდით?
– დიახ, კიდევ ვყიდი… მაგრამ არ ვაქტიურობ, რადგან დღეს ამ აქტივის გაყიდვა წარმოუდგენელია, თუნდაც იაფად.
– მიზეზი ტურიზმში არსებული პრობლემები ანუ ნაკლები ტურისტია?
– რა თქმა უნდა.
bm.ge