ირანი აღარ დაუშვებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორ რაფაელ გროსის თავის ბირთვულ ობიექტებზე და აღარ მისცემს უფლებას, დააყენონ სათვალთვალო ვიდეოკამერები.
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჰამიდ რეზა ჰაჯი ბაბაიმ განაცხადა. მისი თქმით, დასავლეთის ზეწოლა ირანზე, მათ შორის სააგენტოს მოქმედებები, წარმოადგენს „აშშ-ის მტრულ დამოკიდებულებას ირანელი ხალხის მიმართ“, – წერს სააგენტო Mehr-ი.
25 ივნისს ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა თანამშრომლობის შეჩერებას სააგენტოსთან. ამ ეტაპზე IAEA-ს ინსპექტორებს შეუზღუდეს წვდომა ბირთვულ ობიექტებზე, ვიდრე, თეირანის მტკიცებით, არ იქნება უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება და არ დადასტურდება პროგრამის მშვიდობიანი ხასიათი.
გადაწყვეტილება წარმოადგენს დასავლეთთან პოლიტიკური დაპირისპირების გაგრძელებას – ირანი IAEA-ს ნეიტრალურ მხარედ კი არ აღიქვამს, არამედ დასავლური ზეწოლის ინსტრუმენტად.
ახალი თანამგზავრული ფოტოები: ირანის ბირთვულ ობიექტებისთვის მიყენებული ზიანი და გაწმენდითი სამუშაოები
Maxar-ის ახალი თანამგზავრული ფოტოები ასახავს ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად მიყენებული ზიანის მასშტაბებს. ზოგიერთ ფოტოზე ჩანს დაბომბვის შედეგად წარმოქმნილი კრატერების შევსებისა და გაწმენდითი სამუშაოების ნიშნები.
ირანის ბირთვული პროგრამა დაიწყო ჯერ კიდევ 1950-იანებში, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისიდან ქვეყანა არაერთხელ დაადანაშაულეს ბირთვული იარაღის შექმნის მცდელობაში. 2015 წელს გაფორმდა ბირთვული შეთანხმება, რომელიც ზღუდავდა ურანის გამდიდრებას სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ. 2018 წელს აშშ შეთანხმებიდან ცალმხრივად გავიდა, რის შემდეგაც ირანმა განაახლა ბირთვულ სფეროში საქმიანობა.
ბოლო სამხედრო დაძაბულობამდე თეირანი და ვაშინგტონი ცდილობდნენ შეთანხმების აღდგენას, მაგრამ მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. გაზრდილი დაძაბულობის ფონზე ირანმა შეზღუდა ინსპექტირება და დაიწყო ურანის გამდიდრება, რომელიც თითქმის მიახლოებულია საბრძოლო მასალისათვის საჭირო დონესთან.
ირანი ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების (NPT) მონაწილეა. ეს სტატუსი მოითხოვს, რომ IAEA-ს წარმომადგენლებს ჰქონდეთ ბირთვულ ობიექტებზე მონიტორინგის უფლება. ამ დრომდე სააგენტოს ინსპექტორები აკვირდებოდნენ ირანის ბირთვულ ობიექტებზე მიმდინარე პროცესებს.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო ასევე აფასებდა იმ ზიანს, რომელიც ირანის ბირთვულ ობიექტებს მიადგა ისრაელის იერიშების შედეგად.
ფორუმი