დააკავეს კიდევ ერთი არქიეპისკოპოსი – სომხეთის საპატრიარქოში სპეცოპერაცია შეწყდა, დაძაბულობა გრძელდება

სულ უფრო მწვავდება დაპირისპირება სომხეთის ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის. არაერთ სასულიერო პირს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ედება ბრალი.

27 ივნისს, სუსი და პოლიცია სპეცოპერაციას ქალაქ ეჯმიაწინში, საპატრიარქოს ტერიტორიაზე ატარებდა. გაირკვა, რომ იქ თავს აფარებდა არქიეპისკოპოსი მიქაელ აჯაპაჰიანი, რომლის წინააღმდეგაც ასევე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული – ძალაუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებების მუხლით. მანამდე, მისი – შირაკის ეპარქია [გიუმრიში] გაჩხრიკეს.

დღესვე, გვიან საღამოს გაირკვა, რომ არქიეპისკოპოსი დააკავეს.

მანამდე, ის რამდენიმე საათის განმავლობაში – საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა. ბოლო ინფორმაციით, არქიეპისკოპოსი იქ თავად მივიდა; მას შემდეგ, რაც საპატრიარქოს ტერიტორიაზე, ხალხის წინააღმდეგობის გამო, ის ვერ დააკავეს.

„მე არ ვიმალები. ისინი ჩემთან მოვიდნენ და მე გავყვები. უფრო ხმამაღლა ვიტყვი, რომ რაც ხდება, უკანონოა. მე არ ვქმნი საფრთხეს ამ ქვეყნისთვის. მთავარი საფრთხე – ხელისუფლებაა”, – ბრალდებული სასულიერო პირის, მიქაელ აჯაპაჰიანის სიტყვებს News.am ციტირებს.

სპეცოპერაციისას მრევლი სამართალდამცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

რადიო თავისუფლების სომხური სამსახური იტყობინება, რომ დილიდან საკათედრო ტაძრის ზარები უწყვეტად რეკავდა. ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჟურნალისტს უთხრა, რომ – ამით შველას ითხოვენ.

საპატრიარქო აცხადებს, რომ ფაშინიანის ხელისუფლებამ “ეკლესიის დანგრევა” განიზრახა და რომ სამწყსომ უნდა დაიცვას სიწმინდეები.

ვრცლად