“აწარმოე საქართველოში” OMNIC Group-ს წარმოების გაორმაგებაში დაეხმარება – მიხეილ ხიდურელი

„აწარმოე საქართველოშის“ დირექტორის მიხეილ ხიდურელის განცხადებით, სააგენტო კომპანიას წარმოების გაორმაგებაში დაეხმარება. უწყების გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ ხიდურელმა გლობალური ტექნოლოგიური კომპანია OMNIC Group-ის ახალი, სრული ციკლის საწარმო მოინახულა, რომელიც სმარტ ლოქერებისა და ავტომატიზაციის სისტემებს აწარმოებს.
სააგენტოს დირექტორს ტექნოლოგიური კომპანიის საქმიანობა და სამომავლო განვითარების პერსპექტივები მისმა დამფუძნებელმა და მფლობელმა არტურ გრიგორიანცმა გააცნო.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია წარმოების გაორმაგებას გეგმავს და ამ მხრივ, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერას განიხილავს. OMNIC – ის პროდუქცია ექსპორტზე გადის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, , ეგვიპტე, შვეიცარია და სხვ. ამჟამად ტექნოლოგიურ საწარმოში 200 სპეციალისტია დასაქმებული.
მიხეილ ხიდურელმა OMNIC Group-ის ხელმძღვანელს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სააგენტოს პროგრამების შესახებ, რომლითაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარებთან ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და პროდუქციის ექსპორტზე გატანის მხარდაჭერის კუთხით თანამშრომლობს. მისი თქმით, სააგენტო “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარებს, მათ შორის, ისეთ ტექნოლოგიურ კომპანიებს, როგორიცაა OMNIC Group-ი, წარმოების გაზრდასა და ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებაში დაეხმარება.
„OMNIC Group საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ აღჭურვილი და მაღალტექნოლოგიური საწარმოა, რომლის პროდუქციაც თითქმის სრულად გადის ექსპორტზე. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საწარმოს გაორმაგებაზე – როგორც ფართობის, ასევე წარმოების მოცულობის მხრივ. კომპანიის ხელმძღვანელობასთან ვისაუბრეთ სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერის შესაძლებლობაზე, რაც ხელს შეუწყობს კომპანიას კიდევ უფრო ეფექტურად განავითაროს თავისი ოპერაციები საქართველოში“, – აღნიშნა მიხეილ ხიდურელმა.
კომპანიამ საქართველოში მაღალტექნოლოგიური წარმოების დასაწყებად 6 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და უკვე ამარაგებს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებს, როგორებიც არიან: Egypt Post (ეგვიპტე), Swiss Post (შვეიცარია), BRT (იტალია), Llama Box (საუდის არაბეთი) და Poste Italiane (იტალია).