“ეს ჩვენი ეროვნული ინტერესია” – რით ხსნის ირაკლი კობახიძე უცხოელების დასაქმების შეზღუდვას?

“ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სადაც ქართველებს აქვთ დასაქმების ინტერესი, იქ უცხოელი მუშახელის მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა შესაძლებელია.
უცხოელების დასაქმების გამკაცრების რეგულაციაზე კობახიძემ პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ ისაუბრა.
„ჩვენს მოქალაქეებს, სხვადასხვა სფეროში, პრობლემას უქმნის ის, რომ მათთან კონკურენციაში შედიან ადამიანები, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები. ნებისმიერ სახელმწიფოში მკაცრადაა მოწესრიგებული შრომის ნებართვის საკითხები და ჩვენთანაც ასე უნდა იყოს. აქამდე არ იყო არსებითი რეგულაციები, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ამ სიახლის დანერგვის თაობაზე. მკაფიოდ უნდა განისაზღვროს სექტორები, სადაც შესაძლებელი იქნება კონკურენცია დავუშვათ, მაგრამ უნდა იყოს ბაზარზე ისეთი სექტორები, სადაც ჩვენი თანამოქალაქეები კონკურენციისგან უნდა იყვნენ თავისუფლები. ეს არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესი, ნებისმიერი სახელმწიფო მოქმედებს ამ მიდგომით.
არის სფეროები, სადაც ძალიან უჭირს ბიზნესს ადგილზე მუშახელის შოვნა და ამისათვის არის პრაქტიკა ბევრ სექტორში, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოჰყავთ მუშახელი. ეს პრაქტიკაც უნდა იყოს დაშვებული, სადაც არის შესაბამისი დეფიციტი, ბუნებრივია, ეკონომიკასა და ბიზნესს ვერ გავაჩერებთ, მაგრამ სადაც ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ ინტერესი, რომ შესაბამის სფეროში თავად დასაქმდნენ, იქ კონკურენცია შეგვიძლია შევზღუდოთ, ეს არის საერთო მიდგომა. კანონმდებლობის შემდგომ დახვეწაზე ერთად ვიმუშავებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, “ქართულმა ოცნებამ” „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი გაამკაცრა. მიღებული ცვლილებებით, შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი. მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა. იმ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დასაქმება შეიზღუდება.