,,საქართველოში ნარკოლოგების დეფიციტია. სად იპოვიან ახალ ნარკოლოგებს, რომლებიც კერძო კლინიკებიდან წამოვლენ და სახელმწიფოს შემოთავაზებულ პირობებზე იმუშავებენ? “- ვატო სურგულაძე ნარკოკანონმდებლობის რეფორმაზე
მთავრობის ახალი ინიციატივით, საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტი კერძო კომპანიებს აეკრძალებათ და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი და რეალიზაცია მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა იქნება – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, ცვლილებების მიზეზია ის, რომ „საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების, განსაკუთრებით ბენზოდიაზეპინების მოხმარება გონივრულ მაჩვენებელს აღემატება, რაც ამყარებს საზოგადოების საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ნარკოტიკული დანიშნულებით ამ მედიკამენტების გამოყენება საქართველოში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა.“
კობახიძის განმარტებითვე, ცვლილებების შემდეგ სახელმწიფო კვლავ დააკვირდება ფსიქოტროპული მედიკამენტების გამოყენების სტატისტიკას და თუკი მონაცემებმა მოხმარების კლება აჩვენა, ეს იქნება „უტყუარი ინდიკატორი იმისა, რომ სახელმწიფომ ფსიქოტროპული მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ გამოყენება წარმატებით აღკვეთა.“
ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ვატო სურგულაძის შეფასებით, მთავრობა ვალდებულია მედიკამენტების გაცემის მიზნობრიობა და რაოდენობა ისე გააკონტროლოს, რომ ამით კერძო ბიზნესი არ დააზარალოს. მისივე ინფორმაციით, ფსიქოტროპული მედიკამენტები ფორმა 2-ის საფუძველზე გაიცემა, რეცეპტი კი ძირითადად ელექტრონულია, რაც კონტროლს კიდევ უფრო ამარტივებს.
„ამის მსგავსად, სახელმწიფომ ონკოლოგიური პრეპარატების შემოტანაც დაიწყო და ჩააგდო – უამრავი ადამიანი დარჩა მედიკამენტების გარეშე. პრობლემა არის კონტროლში. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ შემოიტანს, თუ ეს კონტრაბანდულად არ ხდება? მედიკამენტები საქართველოში შემოსვლამდე გადიან კონტროლს, ვიცით, რომელ კომპანიას რა რაოდენობის შემოაქვს და ვისზე რა რაოდენობით გასცა. ნუთუ ასეთი რთულია, რომ გაკონტროლდეს, სად გაიყიდა – მაშინ, როცა მხოლოდ და მხოლოდ რეცეპტით იყიდება? თუ რომელიმე ექიმი ზედმეტი რაოდენობის მედიკამენტს წერს, ეს ადვილი შესამოწმებელია – ელექტრონულ რეცეპტზე პირდაპირ წერია ინფორმაცია. მივიდნენ, შეამოწმონ, გააკონტროლონ: რატომ იყო დანიშნული? ისტორია სწორადაა შევსებული? ბოლოს კი შესაბამისი ზომები მიიღონ.
კონტროლი იმისთვის კი არ არის საჭირო, რომ ვიღაც დაიჭირონ, არამედ იმისთვის, რომ ინფორმაცია გადამოწმდეს.
გაკონტროლდეს არა მხოლოდ ის, თუ ვინ შემოიტანა მედიკამენტი, არამედ ისიც, თუ ვინ და რა რაოდენობით გამოწერა. გასაგებია, რომ ექიმებზე გაიზრდება ზეწოლა, მაგრამ პასუხისმგებლობაც მაღალი იქნება და ტყუილად აღარ გამოწერენ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, განსაკუთრებით იმას, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიაში გამოიყენება.
ფსიქოტროპული მეტიკამენტების შემოტანაზე უამრავი კომპანია მუშაობს – ეს მათი აწყობილი ბიზნესია. ფაქტობრივად, კერძო ბიზნესს შემოსავალს ართმევენ და უმუშევრობის დონეს კიდევ უფრო ზრდიან.
დააწესოს უფრო მკაცრი კონტროლი – ვინ შემოუტანა, სად გაანაწილა და მიჰყვნენ შესწავლას. თუ სახელმწიფო შემოიტანს, ექიმები ისევ ვერ შეძლებენ არამიზნობრივად გაცემას? ფსიქოტროპული წამლები ფორმა 2-ის საფუძველზე იყიდება, რეცეპტულად, ამიტომ კონკრეტულად შეიძლება დადგენა, რომელმა ექიმმა რომელ პაციენტს რა გამოუწერა.
თუ კონტრაბანდაზე და შავ ბაზარზეა საუბარი, ეს ამ გადაწყვეტილებით ვერ აღმოიფხვრება,“ – აღნიშნა ვატო სურგულაძემ „კომერსანტთან“ მიცემულ ინტერვიუში.
გარდა კერძო ბიზნესის ინტერესებისა, სურგულაძე მთავრობის ახალ ინიციატივაში განხორციელების პრობლემასაც ხედავს. მისი თქმით, საქართველოში ძალიან ცოტა ნარკოლოგია, რომელთა ნაწილიც შესაძლოა სახელმწიფო კლინიკების შეთავაზებას არ დასთანხმდეს.
არსებობს ნარკოდამოკიდებულებებისადმი სტიგმის გაძლიერების რისკიც.
„თუ ადამიანი დამოკიდებულია და მკურნალობა უნდა, ამისთვის არსებობს სპეციალური ცენტრები, რომელთა დახურვაც კობახიძემ გამოაცხადა. საქართველოში ნარკოლოგების სერიოზული დეფიციტია. გარდა ამისა, როცა კერძო დაწესებულებები დაიხურება, სად იპოვიან ახალ სტრუქტურას? სად იპოვიან ახალ ნარკოლოგებს, რომლებიც კერძო კლინიკებიდან წამოვლენ და სახელმწიფოს შემოთავაზებულ პირობებზე იმუშავებენ? როგორც კერძო ბიზნესი მუშაობს, სახელმწიფო ისე ვერასდროს იმუშავებს.
უნდა გვესმოდეს, რომ ნარკოტიკის მოხმარება – ეს პათოლოგია და ავადმყოფობაა. ზოგიერთ ნარკოდამოკიდებული სტიგმის მსხვერპლია და არ უნდა, რომ სახელმწიფო სტრუქტურებში ყველას დასანახად იაროს — არ უნდა ამ ყველაფრის გასაჯაროება.
რამდენმა ადამიანმა იცის, რომ საქართველოში ქალი მომხმარებლების რაოდენობა 20%-მდე გაიზარდა? ამიტომაც, ამის აკრძალვა და ასეთი ფორმით გამოცხადება არასწორია.
თანაც ისე თქვა: „საზოგადოების მოთხოვნით!“ და „ჩვენი ეჭვების საფუძველზე“…
სახელმწიფომ ეჭვის საფუძველზე კი არ უნდა დაიწყოს რაღაცის გაკეთება – შესაბამისი მტკიცებულებები დადოს. შესაძლოა, რომელიმე შემომტანი მართლაც არღვევს სტანდარტებს, მაგრამ ამისთვის შესაბამისი საჯარიმო სანქციები არსებობს; კი არ უნდა დახურო და აკრძალო.
ამიტომაც მე სხვა ფაქტორებს ვხედავ ამ გადაწყვეტილებაში – ნარკომანი ადამიანების მანიპულაცია მარტივია, ყველა გადავა სახელმწიფოს კონტროლზე და ხელისუფლება მათ მანიპულაციას დაიწყებს, მით უმეტეს, წინა საარჩევნოდ,“ – აღნიშნა ექიმ-ენდოკრინოლოგმა ვატო სურგულაძემ.