ევროკავშირმა რუსეთს მოქმედი სანქციები გაუგრძელა, ახალი პაკეტის მიღებას კი ჯერ ვერ ახერხებს

ევროკავშირის წევრი 27-ვე სახელმწიფოს ლიდერები შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების კიდევ ექვსი თვით გაგრძელებაზე. გადაწყვეტილება 26 ივნისს ბრიუსელის სამიტზე მიიღეს.
უკრაინის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოიცავს საფინანსო-ეკონომიკური სექტორის ფართო სპექტრს.
ამასთან, ევროკავშირი ჯერჯერობით ვერ ახერხებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტის დამტკიცებას. ევროკომისიის მიერ მომზადებული ახალი პაკეტი აძლიერებს შეზღუდვებს, მათ შორის რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე.
სანქციების მე-18 პაკეტის მიღებას სლოვაკეთი და უნგრეთი ეწინააღმდეგებიან იმ მოტივით, რომ ვეღარ შეძლებენ რუსული გაზის და ნავთობის იაფად შეძენას, ეს კი კომუნალურ გადასახადებს გაზრდის.
უკრაინაში რუსეთის არმიის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ევროკავშირის სახელმწიფოთა უმრავლესობამ უარი თქვა რუსეთიდან ენერგომატარებლების იმპორტზე.
სლოვაკეთის და უნგრეთის ლიდერები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგაც კარგ ურთიერთობებს ინარჩუნებენ რუსეთის პრეზიდენტთან.
უკრაინის ხელისუფლება ევროკავშირს და აშშ-ს მუდმივად მოუწოდებს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების გაძლიერებისკენ, რათა პუტინს ომის დასრულება აიძულონ.
26 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერებს ონლაინ მიმართა და განაცხადა, რომ აუცილებელია სანქციების მე-18 პაკეტის მიღება და ფოკუსირება რუსული ნავთობით ვაჭრობაზე, მათ შორის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საწინააღმდეგო შეზღუდვების გაძლიერება და ბარელი რუსული ნავთობის შესაძენი ფასის ზედა ზღვრის 30 დოლარამდე შემცირება.
ზელენსკიმ ევროკავშირის ლიდერები გააფრთხილა, რომ პუტინის ოცნება დანაწევრებული ევროპაა და შიგნიდან მის დასუსტებას ცდილობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)