პეკინმა თავდაცვის ინდუსტრიის 3 წამყვანი ლიდერი მოხსნა

ჩინეთის თავდაცვის ინდუსტრიის ლიდერთა შორის წმენდის ახალი ტალღა დაიწყო. ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ კოსმოსური და თავდაცვის სფეროს მთავარი კომპანიების მრჩეველთა საბჭოდან სამი ლიდერი მოხსნა. ინფორმაცია 28 დეკემბერს “შინხუამ”, ქვეყნის ოფიციალურმა სამთავრობო საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.
ეს ნაბიჯი ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ანტიკორუფციული კამპანიის ნაწილად განიხილება, რომლის დროსაც ჩინეთის სამხედრო ლიდერთა შორის, თანამდებობიდან რამდენიმე უმაღლესი დონის მეთაური გაათავისუფლეს. მათ საქმიანობას ახლა კორუფციასთან დაკავშირებული გამოძიება არკვევს.
ხუთშაბათს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო სათათბიროს გადაწყვეტილებით, თანამდებობა დაატოვებინეს ჩინეთის კოსმოსური მეცნიერებისა და ტექნოლოგიების კორპორაციის თავმჯდომარეს ვუ იანშენგს. ასევე მოხსნეს “ნორინკოს ჯგუფის” თავმჯდომარე ლიუ შიკუანი და ჩინეთის სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი, კოსმოსის მეცნიერებისა და მრეწველობის კორპორაციის უფროსის მოადგილე, ვანგ ჩანგკინგი.
პირველი კორპორაცია ჩინეთის კოსმოსური და სარაკეტო საწარმოების განვითარებას კურირებს. “ნორინკოს ჯგუფი” კი ერთ-ერთ წამყვან სამხედრო საწარმოს წარმოადგენს. საინფორმაციო სააგენტოს მათ მოხსნასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები არ გამოუქვეყნებია. თუმცა, ჰონგ-კონგის გამოცემა “სინგ-ტაო დეილი” ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მათი სახელები სამხედრო-სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ გამოძიებაში ფიგურირებს.
ანალიტიკოსების ნაწილი თვლის, რომ აღნიშნული ანტიკორუფციული კამპანია სი ძინპინისთვის პოლიტიკური ოპონენტების მოშორების ერთ-ერთი გზაა. სავარაუდოდ, ისინი ჩინეთის პრეზიდენტის მმართველობისთვის ან საფრთხეს წარმოადგენენ, ან მას ამგვარ შთაბეჭდილებას უქმნიან, ამბობენ ისინი.

ასევე დაგაინტერესებთ