შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი, საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და გამოხატვის უფლების მქონე ყველა პირის სამართლებრივი შევიწროება“

შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო, სადაც „სამოქალაქო საზოგადოება მზარდი ზეწოლისა და სამართლებრივი დაშინების წინაშე დგას”.
მათივე ცნობით, 2025 წლის ივნისის დასაწყისში, საქართველოში რამდენიმე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციამ მიიღო სასამართლო ბრძანებები, რომლებიც მათ ავალდებულებდათ გაემჟღავნებინათ მაღალი მგრძნობელობის მონაცემები, მათ შორის ბენეფიციარების, იურიდიული დახმარების მიმღებების, ტრენინგის მონაწილეების და საჯარო ღონისძიებებზე დამსწრე პირების პირადი მონაცემებიც კი.
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელის შეფასებით, ეს სახიფათო ნაბიჯს წარმოადგენს. მათი შეფასებით, კონფიდენციალური მონაცემების გამჟღავნების იძულებითი მცდელობა არღვევს კონფიდენციალურობის, სამართლებრივი დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოების დამოუკიდებლობის ძირითად პრინციპებს.
„ეს შემაშფოთებელ სიგნალს უგზავნის ყველას, ვინც უფლებების დაცვაზე, დაუცველი ჯგუფების მხარდაჭერაზე ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვაზე მუშაობს.
პარალელურად, მთავრობის კრიტიკულად განწყობილი პირები, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, სასამართლოში დაიბარეს ახალი დანაშაულის გამო, რომელიც საჯარო მოხელეების მიმართ ონლაინ სივრცეში ე.წ. „შეურაცხყოფაში“ ადანაშაულებს. ეს პროცესები საფრთხეს უქმნის სიტყვის თავისუფლებას და აძლიერებს განსხვავებული აზრის გაჩუმების უფრო ფართო ტენდენციას.
ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ეს მოვლენები არ არის იზოლირებული ინციდენტები. ისინი მზარდი ტენდენციის ნაწილია, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ მმართველობას, კანონის უზენაესობას და ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას: დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი გამოხატვის უფლების მქონე პირების ყველა სახის სამართლებრივი შევიწროება.
უზრუნველყოს, რომ კანონები გამოყენებულ იქნას ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად და არ გამოიყენონ დაშინების ინსტრუმენტებად.
კიდევ ერთხელ დაადასტუროს საქართველოს ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, გაერთიანების თავისუფლებისა და დამოუკიდებელი სამოქალაქო სივრცის მიმართ.
ჩვენ ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, გამოთქვან თავიანთი აზრი და მხარი დაუჭირონ მათ, ვინც დემოკრატიას იცავენ საქართველოში.
ძლიერი, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოება საფრთხეს არ წარმოადგენს. ის ნებისმიერი საზოგადოების ქვაკუთხედია, რომელიც დემოკრატიულ მომავალს ეძებს.
შვედეთის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი კვლავ ერთგულად უჭერს მხარს სამოქალაქო საზოგადოებას, ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ განვითარებას საქართველოში და მთელ რეგიონში“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქსელი შედგება 39 შვედური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისგან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა და ) სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაზა თავაძე – პროტესტის ერთ-ერთი მთავარი ხაზი გადის ადგილობრივ არჩევნებზე, ამის გარდა არის პროტესტის გამოხატვისა და რეჟიმთან ბრძოლის სხვა საშუალებები, რომელსაც ახლა სახეზე ვხედავთ, რაც გადაწყვიტა ელენე ხოშტარიამ