“კი, ანდრო ძალიან სიმპათიურია, მაგრამ…” – ოცნების მინისტრი ანდრო ჭიჭინაძეზე

ოცნებისა ხელისუფლების კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ, პირველი არხის ეთერში, განაცხადა:
“ვიტყვი, რომ ანდრო კარგი ახალგაზრდაა, კი ბატონო, ძალიან სიმპათიური, კარგი ახალგაზრდაა ვიტყვი, რომ ყველა ახალგაზრდისა და ძველგაზრდისთვისაც, არც ერთი ადამიანი ციხისთვის არავის არ ემეტება, აი, ეს არის ჩემი პოზიცია ადამიანურად. როგორც მინისტრი, გეტყვით, რომ კანონი არის უზენაესი და სანამ არ იქნება დადგენილი, რა დადგენილებას გამოიტანს სასამართლო, მე არ მაქვს უფლება ამ პროცესში ჩავერიო. არ ვარ არც იურისტი და არ ვიცი ახლა როგორ უნდა გელაპარაკოთ ამ თეზებით, რაც არ არის ჩემი სფერო. ჰკითხეთ იურისტებს და ჰკითხეთ სასამართლოს სპეციალისტებს. შემიძლია, ადამიანურად გითხრათ, რომ კი ბატონო, ძალიან რთულია. მე ერთხელაც ვთქვი, ეს ჩემი თემა და მერე როგორც ვიცი ვიღაცებს არ მოეწონათ და მაშინ ნუ მეკითხებით და როცა მეკითხებით, მე ადამიანურად გიხსნით, რომ ძალიან ცუდია, რომ ეს ასეა, ძალიან ცუდია, რომ ამ ქვეყანაში მერამდენე რაღაცა გადატრიალების მცდელობებს ვუყურებთ, ძალიან ცუდია, რომ ეს ყველაფერი კეთდება ახალგაზრდების ხელით, იმიტომ, რომ ახალგაზრდები არიან ყველაზე დიდი ბედნიერება და საგანძური, რაც შეიძლება გვქონდეს, ჩვენი მომავალია და ძალიან კარგად ვიცი, რომ ემოციებზე გადის ეს ყველაფერი და ადვილად სამართავად ჩათვალეს ეს გულანთებული ახალგაზრდები. ძალიან კარგად ვიცი, რომ ეს აბსოლუტურად უცხოური ჩარევაა და თავზე მოხვეული”.
ცნობისთვის, ანდრო ჭიჭინაძე ევროპის კინოაკადემიის წევრია.
მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე 5 დეკემბერს დააკავეს და ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წაუყენეს, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და სანქციის სახით 4-დან 6 წლამდე პატიმრობას განსაზღვრავს.
ჭიჭინაძის საქმე განიხილება ანალოგიური ბრალით დაკავებულ კიდევ 10 მოქალაქესთან ერთად, რომლებსაც ანდრო ჭიჭინაძე დაკავებამდე არ იცნობდა.