„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, ისინი 15 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
„გვქონდა შეხვედრა ევროპელ და ამერიკელ დიპლომატებთან. ერთი მხრივ, ეს იყო მორიგი შეხვედრა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება მათთან კომუნიკაციაზე აღარ მიდის. ჩვენ გვჭირდება სტრატეგიულ პარტნიორებთან მუდმივი კომუნიკაცია. ამასთანავე, დღევანდელი შეხვედრა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის პატიმრობასაც შეეხებოდა. მივაწოდეთ დეტალური ინფორმაცია, არამარტო პოლიტიკური ვითარებისა და არგუმენტების შესახებ, ასევე იურიდიულ-სამართლებრივი დეტალებიც. ვინაიდან, ჩვენ ამ პროცესში ვმოქმედებთ არამარტო პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე, არამედ კანონისა და კონსტიტუციის დაცვით. ბრალდებები, რომელიც მამუკას და ბადრის წაუყენეს, არის შეთითხნილი.
ისინი კონსტიტუციას ემორჩილებიან, სასამართლოზეც დადიოდნენ, მაგრამ ვერ და არ დაემორჩილებიან პოლიტიკური დევნის ორგანოებს, რომლებიც შემდეგ დასდევენ ხალხს და აპატიმრებენ.
სრულიად აშკარაა, რომ დიპლომატები შეშფოთებულები არიან იმით რასაც ხედავენ, რადგან საქართველო იყო უზარმაზარი იმედის მომცემი პარტნიორი და ახლა ამ დღეში ვართ“, – განაცხადა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერები დავით უსუფაშვილი, საბა ბუაძე, თაზო დათუნაშვილი და გიორგი სიორიძე 15 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.