თინა ხიდაშელი – გიორგი გახარია არ უნდა დაბრუნდეს – თუ ვინმეა ისეთი დიდი საფრთხის წინაშე, რაც რუსულ ციხეებში ემართებოდათ პუტინისგან, ეს არის გახარია

ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეის” დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მანდატის გაგრძელება საგარეო ასპარეზზე “მავნებლური საქმიანობისთვის” მოხდა. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე, ელოდა თუ არა, რომ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე პირადად მას ახსენებდნენ და, შესაძლოა, მისი გამოკითხვაც დააპირონ, ხიდაშელმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად არის იმ პირთა შორის, რომელიც მუშაობს, რომ ქვეყანას ვიზალიბერალიზაცია არ გაუუქმონ, არ შეაჩერონ რიგი პროექტები საქართველოში, თუმცა ასევე, ითხოვს იმ პირების დასჯას, ვინც საქართველოს “რუსული ჯოჯოხეთისკენ მიაქანებს”.
“ვუსმენდი ე.წ. საგამოძიებო კომისიის სხდომას, არაფერი ახალი არ იყო. პირიქით, მე ის მიკვირდა, აქამდე რომ არ იყო ამ თემებზე საუბარი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, როდესაც მანდატის ცვლილება მოხდა, სწორედ ამ მიმართულებით მოხდა. თავიდან კომისია შეიქმნა, თითქოს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობაში ყოფნის დროს არსებული დანაშაულების გამოსაკვლევად და მერე უკვე, როდესაც პარლამენტმა ახალი ცვლილებები დაამტკიცა, სწორედ საგარეო ასპარეზზე “მავნებლური საქმიანობისთვის”. მე ვვარაუდობდი, რომ ეს საკითხები დღის წესრიგში უფრო ადრე დადგებოდა.
თუ ვინმე ქვეყნის გარეთ მუშაობს იმისთვის, რომ საქართველოსთან მიმართებაში, იგივე ვიზალიბერალიზაციას როდესაც ეხება საკითხი, არ შეიცვალოს არაფერი და მაქსიმალური ხელშეწყობა ჰქონდეს ყველა იმ პროგრამას, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში მიმდინარეობს და ქართველ ხალხზე პირდაპირი პოზიტიური შედეგი აქვს, მაგრამ, ამავდროულად ყველა მაქსიმალური საშუალება გამოინახოს ყველა იმ პირის დასასჯელად, რომელიც ქვეყანას რუსული ჯოჯოხეთისკენ მიაქანებს, რომელიც ყოველდღიურად და სისტემატურად წყვეტს კავშირს ევროკავშირთან, ნატოსთან, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, ამ ადამიანების მიმართ, რაც შეიძლება, ფართო და სრული სიმკაცრით იყოს გამოყენებული ყველა საერთაშორისოდ აპრობირებული მექანიზმი, დიახ, მეც ვარ იმ ადამიანებს შორის, რომელიც ამ თემებზე მუშაობს უკვე დიდი ხანია.
ჩვენ ვიყავით სტრასბურგში, მათ შორის, იმიტომ, რომ ორგანოს, რომელიც შეიქმნა თავის დროზე ადამიანის უფლებების დაცვისთვის და ევროპაში ადამიანის უფლებების თავისუფლების განმტკიცებისთვის, ადამიანის უფლებების მასობრივად დამრღვევების მანდატი არ ეცნო და ჩვენ მოვუგეთ მათ ეს ბრძოლა ამ ასპარეზზე, მოვუგეთ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე, საიდანაც ასევე გამოაძევეს ისინი და პირობას ვაძლევთ ამ ადამიანებს, რომ ყველგან, სადაც ეს საკითხი დადგება, დავხვდებით, ზოგან ფიზიკურად, ზოგან ვირტუალურად, მცდელობას არ დავაკლებთ”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
წამყვანის კითხვაზე, მივა თუ არა თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ქართული ოცნების” “მოედანზე”, თუ მას საგამოძიებო კომისიაზე დაიბარებენ, ხიდაშელმა უპასუხა, რომ წინსწრებად რაიმეზე ლაპარაკის საჭიროება არ აქვს.
“ამ კითხვაზე მე პასუხს არ გაგცემთ, სანამ ეს საკითხი არ დადგება. მე ყველაფერი გადაწყვეტილი მაქვს, მაგრამ მათ ვერ აქვთ გადაწყვეტილი, ამიტომ, როგორც კი ისინი გადაწყვეტენ და თუ გადაწყვეტენ, შემდეგ გაგცემთ პასუხს. არ მაქვს არავითარი საჭიროება იმის, რომ წინსწრებად რამეზე ვილაპარაკო.
პირობას ვაძლევ, რომ ყოველთვის, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროინტეგრაციას, საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, როდესაც საქმე ეხება საქართველოში სტრატეგიული მნიშვნელობის უსაფრთხოებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი პროექტების, მაგალითად, ანაკლიის მშენებლობაში დასავლელი პარტნიორების მონაწილეობას, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს ამოცანები იყოს შესრულებული. მათ შორის, ამ ამოცანების შესრულების ნაწილია იმ ადამიანებისთვის ჯერ დისკომფორტის შექმნა და შემდეგ გაცილებით უფრო მეტი პრობლემის შექმნა”, – აღნიშნა მან.
ხიდაშელმა ასევე ისაუბრა პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ ლიდერზე, გიორგი გახარიაზე, რომელიც ამჟამად უცხოეთში იმყოფება და თქვა, რომ ის საქართველოში არ უნდა დაბრუნდეს.
მისი განმარტებით, გახარია ყველაზე დიდი საფრთხის წინაშეა, რადგან თვლის, რომ მასთან პოლიტიკურად ვალშია და, როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ივანიშვილი ასეთ რაღაცებს არავის პატიობს.
“ხვალ, შეიძლება გიორგი გახარია ბაჩიაშვილივით საიდანმე მოიპარონ, ჩამოიყვანონ, გვითხრან, მწვანე დერეფანში სეირნობდაო და 20-წლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მე ვფიქრობ, რომ გახარია არ უნდა დაბრუნდეს. სრულად ცალსახაა, გახარია არის ბიძინას მიერ დანახული მთავარი მტერი. თუ ვინმეს გამწარება უნდა დღეს ბიძინას, ეს არის გიორგი გახარია. ამას თავისი მიზეზი აქვს – დღევანდელ ქართულ ოპოზიციაში მყოფთა შორის, გიორგი გახარია არის ერთადერთი, რომლის მიმართაც ბიძინას აქვს განცდა, რომ მან გააჩინა ის პოლიტიკურად და რომ ვალში უნდა იყოს გახარია მასთან თავიდან ბოლომდე, ამიტომ ასეთ რაღაცებს არ პატიობს. თუ ვინმე არის ძალიან დიდი საფრთხის წინაშე (რუსულ ციხეებში რაც ემართებოდათ პუტინისგან, ისეთი საფრთხის წინაშე), ეს არის გიორგი გახარია”, – აღნიშნა ხიდაშელმა.