სახალხო დამცველი განცხადებით ეხმაურება სასამართლოში მედიის შემზღუდავ ინიციატივას, რომლის თანახმადაც, შეიძლება მედიისთვის აიკრძალოს სასამართლო დარბაზებში და დერეფნებში ფოტო და ვიდეოგადაღება და ვიზუალური გამოსახულება პროცესებიდან მხოლოდ სასამართლომ ან “სასამართლოს მიერ უფლებამოსილმა პირმა” გაავრცელოს.
ომბუდსმენის შეფასებით, კანონში შესაბამისი ცვლილებები, რომლებიც დაჩქარებული წესით განიხილება პარლამენტში, სასამართლოს მუშაობის საჯაროობის სტანდარტს აუარესებს. სახალხო დამცველი იხსენებს ანალოგიურ ცვლილებას 2007 წელს, რომელიც მაშინდელი სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის ანგარიშში მკაცრად იყო გაკრიტიკებული. დღეს სოზარ სუბარი წარმოადგენს “ქართული ოცნების” განაყოფ პოლიტიკურ პარტია “ხალხის ძალას”, რომელიც სასამართლოში მედიის შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატორია “ოცნებასთან” ერთად.
“სამწუხაროდ, პარლამენტში ინიციირებული ცვლილებებით ამოღებული იქნება ის მნიშვნელოვანი გარანტიები, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოში საქმეთა განხილვის საქვეყნოობას, რაც საგრძნობლად გააუარესებს ქვეყანაში მართლმსაჯულების გამჭვირვალობის ხარისხს, ასევე მედიის ხელმისაწვდომობას მართლმსაჯულების განხორციელების პროცესზე. კანონპროექტის მიხედვით, დღეს დამკვიდრებული საქვეყნოობის პრინციპი არსებითად იცვლება და ღიაობის ნაცვლად, ძირითად წესად აკრძალვა მკვიდრდება.
ინიცირებული კანონპროექტი საქართველოში 2007 წლიდან 2013 წლამდე მოქმედ რეგულაციას აბრუნებს, რომლის თანახმადაც სასამართლოში, ასევე სასამართლო სხდომის დარბაზში საქმის განხილვისას ფოტო, კინო, ვიდეოგადაღება და ტრანსლაცია დაუშვებელი იყო, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას ახორციელებდნენ სასამართლო ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილი პირები”, – წერს ომბუდსმენი თავის განცხადებაში.
2007 წლის ანგარიშში, რომელსაც ლევან იოსელიანი განცხადებაში ახსენებს, საკმაოდ ვრცელი მსჯელობაა მოყვანილი იმის შესახებ, რატომ არის დაუშვებელი სასამართლოს მიმართ დაბალი ნდობის პირობებში მედიის შეზღუდვა პროცესების გაშუქებისას.
“კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით საჯარო ინტერესის არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას უფლება აქვს, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია სასამართლო პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს კონცეფცია ეფუძნება პროცესის მონაწილის რწმენას, რომ მისი საქმის საჯაროდ, მედიის თანდასწრებით განხილვის შემთხვევაში იგი დაცული იქნება მოსამართლის მხრიდან თვითნებობისაგან. ამგვარი გარანტია რეალურია ისეთ გარემოში, როდესაც დამოუკიდებელი მედიის კამერები აფიქსირებენ მოსამართლის და მხარეების თითოეულ ქმედებას და ასრულებენ კანონსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის ფუნქციას.
სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის ნაკლები გარანტია არსებობს იმ დროს, როცა კამერა წარმოადგენს მოსამართლის კონტროლის ობიექტს და შეუძლებელია თავად მოსამართლის მიერ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედების ფიქსაცია. საინტერესოა, წარმოდგენილი ნორმის მოქმედების პირობებში, რამდენად გაავრცელებდა მოსამართლე გიორგი ჩემია ვიდეომასალას, სადაც ასახულია სასამართლო სხდომაზე დამსწრე პირის მიერ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ერთერთი განსასჯელისათვის მობილური ტელეფონის გადაცემის ფაქტი, მოსამართლემ კი რეაგირება საერთოდ არ მოახდინა.
არ არსებობს ლეგიტიმური ინტერესი, რომელიც მედიას ამგვარი შემთხვევების გადაღების უფლებას აუკრძალავს”, – ეს არის ერთი ფრაგმენტი სახალხო დამცველის 2007 წლის ანგარიშიდან. სოზარ სუბარი სახალხო დამცველის პოსტს 2004-2009 წლებში იკავებდა.
ფორუმი
