პრეზიდენტი ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები „იდეალურად“ გაანადგურეს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ფეიკი“ უწოდა მედიით გავრცელებულ ცნობებს, რომ სამხედრო დაზვერვის წინასწარი შეფასებით, ამერიკული გამანადგურებლების მიერ ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვას მათი განადგურება არ მოჰყოლია და შედეგი ირანის ბირთვული პროგრამის რამდენიმე თვით უკან დახევაა.
პრეზიდენტმა ტრამპმა 24 ივნისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ირანში სამივე ბირთვულ ობიექტს „იდეალურად“ დაარტყეს და გაანადგურეს. დონალდ ტრამპმა მედიით გავრცელებულ ცნობებს უწოდა უპატივცემულობა მათ მიმართ, ვინც ოპერაციაში მონაწილეობდა.
24 ივნისს -ის პრეზიდენტი ჩავიდა ჰააგაში, რომელიც ნატოს სამიტს მასპინძლობს.
ჟურნალისტებისთვის კომენტარამდე ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth-ში დაწერა, რომ CNN-ისა და The New York Times-ის მიერ „ფეიკის“ გავრცელება „ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სამხედრო დარტყმის“ მნიშვნელობის დაკნინების მცდელობაა. აშშ-ის პრეზიდენტის თანახმად, ირანის ბირთვული ობიექტები სრულად განადგურებულია.
ამერიკის შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ბომბდამშენებმა 21-დან 22 ივნისის ღამით იერიში მიიტანეს ირანის ფორდოს, ნათანზის და ისპაანის ბირთვულ ობიექტებზე. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა განაცხადეს, რომ ირანის ბირთვული ობიექტები და ბირთვული პროგრამა განადგურებულია.
24 ივნისს, ამერიკულმა მედიასაშუალებებმა შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წინასწარ ანგარიშზე დაყრდნობით დაწერეს, რომ ირანის ბირთვულ ობიექტებზე ავიადარტყმებს ბირთვული პროგრამის ძირითადი კომპონენტები არ გაუნადგურებია და პროგრამა სავარაუდოდ, რამდენიმე თვით უკან დახია.
იმავე დღეს აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ სადაზვერვო მონაცემების გაჟონვა „ღალატია“, რომელიც გამოძიებული უნდა იყოს და პასუხისმგებლები უნდა დაისაჯონ.
უიტკოფის თანახმად, ის გაეცნო ირანისთვის მიყენებული ზიანის შემფასებელ ყველა ანგარიშს და უეჭველია, რომ განადგურებულია სამივე ბირთვული ობიექტი, რომლებსაც შეერთებულმა შტატებმა დაარტყა.
ირანის ბირთვულ ობიექტებზე აშშ-ის ავიადარტყმებს წინ უძღოდა ს არმიის მიერ ირანის ბირთვული ობიექტებისა და იარაღის საცავების წინააღმდეგ 13 ივნისიდან დაწყებული სამხედრო ოპერაცია, რომელსაც ირანმა უპასუხა ისრაელზე რაკეტებითა და დრონებით შეტევით.
24 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა.
ისრაელი და აშშ ირწმუნებიან, რომ ირანი ახლოს იყო ბირთვული იარაღის შექმნასთან, რასაც ვერ დაუშვებდნენ. თეირანი ირწმუნება, რომ მის ბირთვულ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
ფორუმი